Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

27 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

14(ახ.27) დეკემბერი


მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251); მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287).

მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლოვკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება, რისთვისც იგი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ლაქაქგარეთ გაიყვანეს და მახვილით განგმირეს. ამ დროს თვირსე რომელიც კათაკმევლად იყო დადგენილი, მაგრამ ნათლისღება ჯერ არ მიეღო, კუმბრიკიუსთან გამოცხადდა და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა. განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ეგვემათ თვირსე, სახსრები ამოეგდოთ, ძვლები დაემსხვრიათ, თვალები დაეთხარათ მისთვის, შემდეგ კი გამლღვალი კალა გადაესხათ ზედ...ჯალათები ასეც მოიქცნენ, მაგრამ უფალმა ყველას თვალწინ სრულიად განკურნა მოწამე. ამ სასწაულმა კუმბრიკიუსი გონს მოიყვანა. მან განკარგულება გასცა, თვირსე შეებოჭათა და დილამდე საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ღამით ღვთაებრივმა ძალამ უფლის რჩეული სატუსაღოდან გაათავისუფლა. წმიდანმა დაუყონებლივ ქალაქის ეპისკოპოსს მიაშურა და მოინათლა, შემდეგ კი ისევ საკანში დაბრუნდა.


ამასობაში კესარიაში წარჩინებული კარისკაცი სილუანე ჩავიდა იმ განზრახვით, რომ კუმბრიკიუსს ქრისტიანობის ამოძირკვაში დახმარებოდა. მან თვისვე აპოლინის საკერპოში შეიყვანა. წმიდა მოწამემ ხელები ზედაც აღაპყრო და ღმერთს მოუხმო შემწედ. მაშინვე საშინლად იჭექა და კერპი ფერფლად იქცა.

ამის შემდეგ უსჯულო სილუანე და კუმბრიკიუსი კიდევ დიდხანს ტანჯავდნენ თვირსეე, მაგრამ ბოლოს მოულოდნელად დასნეულდნენ და მოკვდნენ. მათ ნაცვლად წინამორბედთა მსგავსად ქრისტესმოძულე ბაბდა დანიშნეს. ბაბდამ ბრძანა, მხეცები ეშიმშილებინა, შემდეგ კი თვირსე მიეგდოთ მათთვის საჭმელად, მაგრამ ცხოველებმა დაგლეჯის ნაცვლად ალერსი დაუწყეს წმიდანს.

წარმართმა ქურუმმა კალინიკემ თვირსეს მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, შეიცნო კერპთა უძლურება. იგი მმართველთან გამოცხადდა, დაგმო წარმართული ცრურწმენა და ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. ამის შემდეგ საკერპოში მიყვანილმა ქურუმყოფილმა გულში ილოცა: უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, ჩემგან მრავალგზის განრისხებულო და მაინც არა უკუქცეულო, აწ აღსდეგ შეწევნად ჩემდა და გამომიჩინე ძალი შენი~. მაშინ კალინიკეს ჩაესა ხმა უფლისა, რომელიც წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, მის წინ მდგარი კერპი კი ნამსხვრევებად იქცა. ამის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს. წმიდა თვირსე, მმართველის ბრძანებით, ჯალათებს უნდა გაეხერხათ. ისინიც ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. წმიდანს სახე ისე საოცრად გაუბრწყინდა, რომ ვერავინ ვერ გაბედა მასთან მიახლოება. მაშინ თვირსემ ილოცა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.


მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოქიტე და ოთხი მხედარი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან _ წამებით დაეხოცათ. ამ დროს შეიპყრეს აპოლონიც, რომელიც ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. მან ვერ გაუძლო წამებას და გადაწყვიტა ხერხისთვის მიემართა: წარმართ ფილიმონს თავისი ტანსაცმელი მისცა და სთხოვა, მასში ჩაცმულს შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. ფილიმონი დათანხმდა, მაგრამ, როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდა, უეცრად ღვთის მადლმა გაუცისკროვნა გონება, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, კერპებს ზურგი აქცია, მმართველ არიანესაკენ მიიქცა, პირჯვარი გადაისახა და უშიშრად აღიარა ქრისტიანობა.

მაშინ არიანემ ფილიმონი იცნო და იფიქრა, რომ ის ხუმრობდა, რადგან ფილიმონი მისი მოსიკოსი და გამრთობი იყო. მაგრამ, როცა მმართველის ერთგულმა კარისკაცმა მტკიცედ აღიარა ქრისტე, არიანე გააფთრდა. მან ბრძანა, დაუყონებლივ სიკვდილით დაესაჯათ ფილიმონი, მაგრამ ხალხმა მსჯავრდებულის შეწყალება ითხოვა.

ამ დროისათვის აპოლონი უკვე სინანულში იყო ჩავარდნილი თავისი სულმოკლეობის გამო და მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ ფილიმონსა და აპოლონს წვივები დაუხვრიტეს, ბაწრებით შეკრეს და ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ მორწმუნეთა დასაშინებლად. შემდეგ ფილიმონი ზეთისხილის ხეზე დაკიდეს და ისრები დაუშინეს, მაგრამ ისრები სასწაულებრივ ცდებოდნენ სამიზნეს, ერთ-ერთი მათგანი კი ასხლტა და მმართველს მოხვდა თვალში. არიანე შეძრწუნდა და ფილიმონს ევედრა, ელოცა მისი განკურნებისათვის. წმიდანმა კი მიუგო: `ჯერ მზად არ ხარ. როცა მე დამკრძალავენ, შენ ჩემს საფლავზე მოხვალ, ქრისტეს სახელს მოუწოდება და განიკურნები~. ამის შემდეგ მმართველის ბრძანებით წმიდა მოწამეებს, ფილიმონსა და აპოლონს თავები მოჰკვეთეს (+16 მარტი, 286წ.). არიანე რომელსაც თვალი კვლავ აუტანლად სტკიოდა, მიეახლა წმიდათა საფლავს, მისგან მიწა აიღო, ჭრილობაზე მიიდო და იესო ქრისტეს მიმართა ვედრებით. მას დაშავებული თვალი იმავ წამს მოურჩა, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და შესძახა: `მე _ ქრისტიანი ვარ!~ მთელი სახლეულითურთ მოინათლა, პყრობილი მართლმორწმუნეები კი გაათავისუფლა. ხმამ არიანეს მოქცევის შესახებ თვით იმპერატორამდე მიაღწია. მაშინ მან მხედრები გაგზავნა მმართველის შესაპყრობად და რომში ჩასაყვანად. საწამებლად წაყვანის წინ არიანემ მოწამეთა საფლავზე ილოცა და უეცრად ფილიმონის ხმა მოესმა: `გამხნევდი, არიანე, და ნუ გეშინია, რამეთუ უფალი თავისთან მოგიწოდებს და მოწამის გვირგვინს გიმზადებს. შენს წასაყვანად მოსული მხედრებიც ირწმუნებენ და ევნებიან ქრისტესთვის~.

ღვთის მადლით განმტკიცებულმა არიანემ რომში, თვით იმპერატორის წინაშეც გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, რკინის ჯაჭვებით შეეკრათ უფლის რჩეული და ცოცხლად დაემარხათ, თან ამბობდა: `ვნახოთ, თუ მოცა ქრისტე მის დასახსნელად~. როცა ამის შემდეგ უღმერთო თვითმპყრობელი თავის საწოლ ოთახში შევიდა, იხილა, რომ არიანე მის სარეცელზე იწვა, ჯაჭვები კი წინ ეკიდა. მოწამემ დიოკლეტიანეს მიუგო: `შენ არ გჯეროდა, რომ ქრისტე დამიხსნიდა, მაგრამ აი, მოვიდა, გამათავისუფლა და შენს სარეცელზე მოსვენება მიბრძანა~. მეფე შეძრწუნდა, მაგრამ მაინც არ ისურვა თავი დამარცხებულად ეცნო და, გაკერპებულმა, არიანეს მოკვლა ბრძანა. ნეტარი მოწამის ლოცვით მხედრები, რომლებმაც ის რომში ჩაიყვანეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცნენ და იმპერატორის წინაშე გაბედულად აღიარეს თავი ქრისტიანებად. ამისთვის ისინი არიანესთან ერთად ზღვაში დაახრჩვეს. (+4 მარტი, 287 წ.).

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო