Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

24 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF


11(ახ.24) დეკემბერი

ყოველნი წმიდანი
საქართველოში წამებულნი და ღირსნი მამანი და დედანი


ხსენება ყოველთა წმიდათა _ საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა; ღირსი დანიელ მესვეტე (+489-490); მოწამე მირაქსი (VII); მოწამენი: აკეფსი და აითალე; ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე (+დაახლ. 970-980).

ყველა წმიდა _ საქართველოში წამებულნი და ღირსნი მამანი და დედანი. ქართველი აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს იტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. კაცთაგან არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ სენაკებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭამდნენ საქართველოს ეკლესიისა და ერის მომავალს.



`რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი~, _ სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.

`არა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ _ მოწამე არს ჭეშმარიტება~, _ ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკლესიო ძეგლისწერაში და ეს იყო ყოველი ქართველის ცხოვრების ქვაკუთხედი.

შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მერღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა სახელების ჩამოთვლა, და, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ღვაწლის აღწერა: `ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები~ (აკ.წერეთელი). სწორედ ამ შეუძლებლობის გამო წერია დღევანდელი დღის მოსახსენებელში, რომ `საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულისხმოთ~ და ყველასთვის ცნობილ წმიდანთა სახელებს გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა ქართული წარმოშობის სახელი.


ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.

ღირსი დანიელ მესვეტე


ღირსი დანიელ მესვეტე მესოპოტამიაში, ქალაქ სამოსატის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარაში დაიბადა. მის დედას _ მართას შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, თან აღთქმაც დადო, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდა, ყრმას ღმერთს შესწირავდა. კეთილმსახური დედაკაცის ლოცვა შესმენილ იქნა _ მას შეეძინა ძე, რომლისთვისაც ხუთი წლის ასაკამდე სახელი არ დაურქმევიათ: ყმაწვილის მშობლებს სურდათ, რომ უფლის კურთხევით შობილს, სახელიც უფლისგან მიეღო. მათ შვილი მახლობლად მდებარე მონასტერში მიიყვანეს და იღუმენს მიმართეს. იღუმენმა ბრძანა, საღვთისმსახურო წიგნთაგან ერთ-ერთი მიეწოდებინათ მისთვის, გახსნა იგი და წინასწარმეტყველი დანიელის (ხს. 17 დეკემბერს) სიტყვები ამოიკითხა. ასე დაერქვა სახელი მომავალ წმიდანს. დედ-მამას სურდა, ბავშვი მონასტერში დაეტოვებინა, მაგრამ იღუმენმა ყრმის მიღებაზე უარი განაცხადა. დანიელს თეორმეტი წელი რომ შეუსრულდა, თვითონ დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერს მიაშურა. როცა წმიდანის მშობლებმა გაიგეს, სად იმყოფებოდა მათი ძე, ძალიან გაიხარეს. მათ შვილი ჯერ ისევ საერო ტანსაცმელში დაუხვდათ და იღუმენს სთხოვეს, ანგელოზებრივი სქიმით შეემოსათ იგი. წინამძღვარმა კვირადღეს შეასრულა მათი სათხოვარი, მაგრამ ძის ხშირი მონახულება აუკრძალა მშობლებს. სავანის ძმობას აოცებდა ახალგაზრდა ბერის საოცარი მოშურნეობა და ფიცხელი ღვაწლი.

რამდენი წლის შემდეგ დანიელი იღუმენმა ანტიოქიაში გაგზავნა მონასტრის საქმეზე. ამან წმიდანი ძალიან გაახარა, რადგან სვიმეონ მესვეტის (ხს. 1სექტემბერს) მონახულების საშუალება ეძლეოდა. წმიდა სვიმონმა დალოცა უფლის რჩეული და წინასწარმეტყველურად უთხრა: `მხნე იყავნ, შვილო, და განძლიერდი. ფრიადი ღვაწლის დათმენა მოგიწევს ქრისტესთვის, მაგრამ თავად ქრისტე შეგეწევა ყველაფერში, განგამტკიცებს და ნუგეშინისსცემს შენს სულს~.


ამის შემდეგ დანიელი სავანეში დაბრუნდა. რამდენიმე ხანში მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა და საძმომ მის ნაცვლად ნეტარი დანიელი აირჩია, მაგრამ განმარტოების მაძიებელმა წმიდანმა ეს წინადადება შორს დაიჭირა. მან მამებს სხვა, ღირსეულ მოსაგრეზე მიანიშნა, თავად კი გადაწყვიტა, იერუსალიმის წმიდა ადგილები მოელოცა. ღირსი დანიელის წინაშე სასწაულებრივი ხილვით წარდგა მოხუცი, რომელმაც ბიზანტიაში წასვლა ურჩია. წმიდანი დამორჩილდა ღვთის ნებას და კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დამკვიდრდა. ნეტარ მამასთან მრავალმა იწყო სიარული ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების სათხოვნელად.

ცხრა წლის შემდეგ წმიდა დანიელმა საღვთო ჩვენებით იხილა ღრუბლებზე მაღლა აზიდული სვეტი, რომელზეც იმჟამად უკვე ამსოფლიდან გასული ღირსი სვიმეონი იდგა. მან ღირს დანიელს თავისთან მოუწოდა. ეს ხოლვა ნეტარმა დანიელმა უფლის მოწოდებად ჩათვალა, თრაკიის უდაბნოს მიაშურა და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ღირსი დანიელის ლოცვით ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან იკურნებოდნენ, უნაყოფო დედებს შვილები ეძლეოდათ. ღირს დანიელთან იმპერატორები, ლეონ I (457-474) და ზენონიც (475-491) ხშირად მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა კონსტანტინოპოლში გაჩენილი დიდი ხანძარი და ბერძნების გამარჯვება ვანდალებზე. ღირსმა დანიელმა საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ იგრძნო და ამის შესახებ თავის მოწაფეებს აუწყა. ამ უკანასკნელთაგან ურჩეულესნი ღირსი შეიქნენ, ეხილათ, თუ როგორ მიეახლნენ მათ მათ მოძღვარს მიცვალებულებამდე სამი დღით ადრე წინასწარმეტყველები და მოციქულები. ღირსი მამა ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს ეზიარა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს ცაზე სამი ჯვრის ფორმის ვარსკვლავი გაბრწყინდა, რომლებიც დღის სინათლეზეც ცხადად იხილვებოდა. ისინი ნეტარი დანიელის სვეტს დაჰნათოდნენ მანამ, სანამ ღირსი მამა იმავე სვეიტზე ასვლიდან ოცდაცამეტი წლის შემდეგ.

მოწამე მირაქსი ეგვიპტეში დაიბადა VII საუკუნეში. ქრისტიანმა მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს, მაგრამ შმედეგ ეშმაკის ცთუნებას აჰყვა, ქრისტიანობა უარყო, ეგვიპტის ამირასთან გამოცხადდა, მახცილი აიღო ხელში და სარკინოზთა სამსახურში ჩადგა. მშობლები ძალიან წუხდნენ ძის საშინელი დაცემის გამო და მხურვალედ ლოცულობდნენ მისთვის. მაშინ ღვთის მადლმა გონება გაუნათა მირაქსს: მან წრფელი გულით შეინანა თავისი დიდი შეცდომა და შინ დაბრუნდა. მშობლებმა ნეტარს ურჩიეს, ქრისტეს საჯარო გმობა მისი საჰარო აღიარებით გამოესყიდა. წმიდა მირაქსი ასეც მოიქცა. მმართველის ბრძანებით იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში მოისროლეს (+არა უგვიანეს 640 წლისა). ღვთის ნებით, წმიდანის თავი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ძვირფას ლუსკუმაში ჩააბრძანეს ეს სიწმიდე, რის შემდეგაც მისგან სურნელოვანი მირონის დენა დაიწყო.

მოწამენი: აითალე დიაკონი და აკეფსი სპარსელები იყვნენ. აკეფსი ქალაქ არბელის წარმართი ქურუმი იყო. ქრისტიანი ეპისკოპოსის ლოცვით იგი სასწაულებრივ განიკურნა სნეულებისაგან, რის შემდეგაც ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის აკეფსი საპყრობილეში ჩააგდეს. მალე აქ გამოამწყვდიეს არბელის ეკლესიის დიაკონი, წმიდა აითალეც. მოწამეები მმართველის წინაშე წარადგინეს, სადაც მათ კვლავ გაბედულად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. მაშინ უსჯულო ხელისუფლის ბრძანებით უფლის რჩეულებს თავი მოჰკვეთეს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო