Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

7 თებერვალი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

25(ახ.7.02) იანვარი


წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე), იმერეთის ეპისკოპოსი (+1891); ღირსი გრიგოლ ღვთისმეტყველი _ კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოსი (+389); მოწამენი ფელიცატა და ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანე, ალექსანდრე, ვიტალი და მარციალი (+დაახლ. 164); ღირსი პოპლიოს ასური (+380); ღირსი მარი მგალობელი (+დაახლ. 430).

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ერისკაცობაში-გერასიმე) დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში,მღვდლის მაქსიმე ქიქოძის, გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის ოჯახში. 1840-45 წლებში გაბრიელი სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით, ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი _ მღვდლად.



1856 წელს, ოცდათორმეტი წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით-გარეჯის მონასტერში. 1858 წელს გაბრიელი მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს, მავე წელს აკურთხეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. 1869 წელს მის განმგებლობაში შევიდა აგხაზეთის, ხოლო 1873 წელს სამეგრელოს ეპარქია. მრევლის განათლების მიზნით მეუფე გაბრიელი ხშირად მოგზაურობდა ეპარქიის ფარგლებში, ხალხთან პირად შეხვედრას, საუბარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, სოფლიდან სოფელში გადადიოდა და დღეში სამ-ოთხ ადგილას დამოძღვრავდა ხოლმე სამწყსოს, მაგრამ ყველაზე მეტად მრევლზე გავლენას ახდენდა გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნება, მისი პირადი მაგალით. როგორც პედაგოგმა და მოძღვარმა, მან იცოდა ზნეობრივი აღზრდის საშუალებები. ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს მან, იაკობ გოგებაშვილის თქმით, `ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები... კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს იგი თვითონაც მკაცრად იცავდა: ჭრიდა შეშას, თოხნიდა, პირუტყვს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა, ახალი ტაძრების მშენებლობის დროს ხშირად თვითონ იყო არქიტექტორი, სოფელ-სოფელ ეძებდა კარგ ოსტატებს, ზრუნავდა წესრიგზე: თურმე, `თუ სადმე ეკლესიაში უსფთაობას ნახავდა, მოიტანდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტდა~. ეპისკოპოსი გაბრიელი მხოლოდ პირადი ღირსებებით შემკულ ხალხს აკურთხებდა ეკლესიის მსახურებად და არ უწევდა ანგარიშს არც თავადს, არც მთავარს და არც გუბერნატორს. მეუფე გაბრიელი `ადამიანებს ენდობოდა, რადგან მათში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატებას ხედავდა და ამიტომაც მათი შიში არ ჰქონდა~. ერთი მოგზაურობის დროს ავაზაკი დაეცა თავს და გაძარცვა მოუნდომა. გაბრიელი არ დაიბნა, ჯვარი გადასახა და უთხრა: `შვილო, მე საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სადა მაქვს~. ეს სახელი ავაზაკსაც გაეგონა და შეკრთა. მეუფე არ მოეშვა, სანამ თან არ წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განამწესა.

მთხოვნელის გარჩევა მეუფემ არ იცოდა. დიდი და პატარა, შორეული და ახლოები, თავადი თუ გლეხი მისთვის ერთი იყო. უკანონობას მოითმენდა და უზნეო თხოვნას არავისას არ შეასრულებდა. მისი უბრალო და მარტივი ხასიათი მის ტანსაცმელშიც ჩანდა, საცხოვრებელ ოთახშიც და სმა-ჭამაშიც. ხშირად მანხველს ძველ სამოსელში გამოწყობილი მოსამსახურედ მიუღია.

ეპიკოპოსი გაბრიელი იყო საოცარი მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მიმწოდებელი. ერთ დიდსა და სასტიკ ზამთარში, როცა ქუთაისის ღარიბები დიდ გაჭირვებაში და განსაცდელში ჩავარდნენ, მღვდელმთავარმა თავისი ფეხით დაიარა გაჭირვებულთა ქოხმახები და აღმოუჩინა მათ შემწეობა, რამდენადაც შეეძლო. იგი ღრმად თანაუგრძნობდა მდაბალ ხალხში სწავლა-განათლების გავრცელებას, მრავალ მოსწალეს სწავლის ქირასაც უხდიდა. ამ ყმაწვილებთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა კეთილშობილური აზრები, მათ ნორჩ გულებში დაენერგა სიყვარული სიმდაბლისადმი. მისი დევიზი იყო: `მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა~. გაბრიელ ეპისკოპოსის დღიურები საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ, თუ რამდენი უპატრონო მკვდარი დაუსაფლავებია, რამდენი შიშველი შეუმოსავს, რამდენი გზის ქირა გადაუხდია, რამდენი შეგირდისთვის სასწავლო ნივთები უყიდია, რამდენი სნეულისთვის უექიმია. დიდ ზამთარში ხშირად ქვრივ-ობლებს შეშასა და ფულს-უგზავნიდა ღამ-ღამობით ჩუმად.

მეუფე გაბრიელის თანამედროვენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საოცარი სახილველი იყო ლოცვად დამდგარი ეპისკოპოსი. წირვა-ლოცვა ძლიერი სასოებით იცოდა. მიუხედავად ამისა, გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ ხშირი იყო გესლიანი წერილები, ეჭვები, უსაფუძვლო ცილისწამებანი. მას აბრალებდნენ უსამართლობას, უზნეობას, კარიერისტობას, საეკლესიო ნივთებით ვაჭრობას, მაგრამ თვით მტრებიც იხსენიებენ მას, როგორც `უნიჭიერეს და ყოვლად შესანიშნავ მოძღვართმოძღვარს~, ადარებდნენ `ეკლესიის თვით პირველ წმიდა მოძღვრებს, უწოდებდნენ საკვირველ პედაგოგს~, არაჩვეულებრივ სიტყვის მეუფეს~, სიმართლის მასწავლებელს~.

მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელი XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკითხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება, მან ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა, რომ მცირე ერები, ვერ აცდებოდნენ და რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს მოვლენა, მით უკეთესი იყო. `რით ამტკიცებ შენ, რომ ეს მოვლენა (მცირე ხალხის ენის განქარვება) არის ბუნების წესი? _ ეკითხება გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრანსკის, _ პირიქით, ხალხი უნდა ეცადოს ენის გავრცელებას, გამდიდრებას და არა დამარხვასა და დაკარგვას. გაბრიელი თვლიდა, რომ ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი~ სწორედ ენაა. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და `უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც.


უთანხმოება ჰქონდა გაბრიელს ეროვნულ ნიადაგზე ეგზარქოს ევსევისთანაც, რაც შემდგომში განხეთქილებამდეც მისულა. ზემდგომ და წესებულებებთან და პიროვნებებთან ამგვარ დაპირისპირებას ხშირად მათი გულისწყრომაც მოჰყვებოდა ხოლმე. დროდადრო გაბრიელზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, რადგანაც ის მთავრობისათვის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული.

1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ. მე ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო~.

სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძლოები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: მომიხსენე მე, უფალო. ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისგან იყო შეკრული. მიცვალებულის გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ორმოცდაექვსი დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა. გარდაცვლილის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.

გამოქვეყნდა გაბრიელ ეპისკოპოსის გამოსათხოვარი სიტყვა. მეუფე უკანასკნელ შენდობას ითხოვდა ყველასგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი დაიბადა 329 წელს კაბადოკიაში, განათლებულ და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას _ ნონა (ხს. 5(18) აგვისტოს). ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც, ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახევ წარმოუდგინა და სახელივ ემცნო. როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი საკუთარ თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს: `თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები _ ეს უკვე ჩემი ცოდვაა~.

მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზოსის ეპისკოპოსი გახდა. გრიგოლ ღვთისმეტყველს უმშვენიერესი მოგონებები შემორჩა ბავშვობაზე. გულმოდგინება საკუთარი სულის სრულყოფისათვის დღითი დღე ემატებოდა და უმტკიცებდა. იგი სიხარულით კითხულობდა საღვთო წიგნებს და ბედნიერებას ანიჭებდა ზნეობრივად სრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობა. მან ყრმობაშივე იგრძნო სურვილი სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლისა. ამ მიზნით ჯერ ალექსანდრიაში გაემგზავრა, შემდეგ კი _ ათენში.

როგორც თვითონ წერს, ზღვით სამოგზაუროდ მეტისმეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია. კუნძულ კვირპოსთან მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა დაღუპვით ემუქრებოდა ხომალდს. ამ საშინელი საფრთხის ჟამს გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეს შეევედრა: `შენთვის ვიცოცხლებ, თუ თავს დავაღწევ ამ საშინელ საფრთხეს, ხოლო უკეთუ არა, შენ დაკარგავ ერთგულ მსახურს~. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ზღვა მსწრაფლ დაწყნარდა. ამ ლოცვის ძალით ყველა, ვინც კი ხომალდზე იყო, ქრისტეს მიმართ უღრმესი მოწიწებითა და მადლიერებით განიმსჭვალა.

ათენის აკადემიაში სწავლის წლებმა ცოდნასთან ერთად მას საუკეთესო მეგობარიც შესძინა ბასილი დიდის სახით. მათი მეგობრობის საფუძველი გახდა ერთნაირი სულიერი მისწრაფებანი.

362 წელს გრიგოლმა, ნაზიანზოსის ეპისკოპოსმა, შვილი თითქმის იძულებით აკურთხა მღვდლად. შინაგანად აფორიაქებულმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დასამშვიდებლად პონტოსკენ გასწია, თავის მეგობარ ბასილი დიდთან. ბაილმა კაბადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად გაამწესა გრიგოლი, რაზედაც წმიდა გრიგოლმა მტკიცე უარი თქვა და ნაზიანზოსში გააგრძელა ცხოვრება მშობლებთან ერთად.

379 წელს გრიგოლი კონსტანტინოპოლში მიიწვიეს. იგი წერს: `მე მიმიწვია იქ მრავალმა ურწყულმა, მაგრამ ჯერ ისევე მწვანე სულმა მწყემსებიდანაც და ფარიდანაც, რათა ღვთისმოსაობის ნაკადებით განმეცოცხლებინა ისინი და ზეთისხილის ზეთის მიწოდებით გამეგრძელებინა სინათლის სიცოცხლე სასანთლეში~. არიოზის ერესის სამხილებლად გრიგოლმა კონსტანტინოპოლში წარმოთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულა მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში. 380 წელს იმპერატორ თეოდოსის (379-395) მხარდაჭერით იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქად აკურთხეს, მაგრამ გრიგოლმა კვლავ განმარტოება არჩია. იგი საბოლოოდ დამკვიდრდა თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 390 წელს.

წმიდა მოწამე ფელიცატას შვიდი ვაჟი ჰყავდა: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანე, ალექსანდრე, ვიტალი და მარციალი. წარმოშობით ფელიციტა მდიდარი რომაელების ოჯახიდან იყო. ქურუმებმა წმიდანს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღმერთების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი. წმიდანმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად სამსჯავროზე წარმდგარმა უშიშრად აღიარა ქრისტე. აღმსარებლები საწამებლად გადასცეს. წმიდა ფელიცატა შესცქეროდა ძეების ტანჯვასა და უფლს ევედრებოდა, შვიდივე მათგანი მასზე ადრე შესულიყო სასუფეველში. აუსრულდა კიდეც ნატვრა: თვითონ აღესრულა უკანასკნელად. წმიდა ოჯახი რომში ეწამა დაახლოებით 164 წელს.

ღირსი პოპლიოს ასური მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში დაიბადა. იგი სენატორის მოვალებას ასრულებდა, მაგრამ სემდგომ უარყო წუთისოფელი, ქონება მოწყალებად გასცა და ბერად აღიკვეცა. წმიდანი სირიის უდაბნოს ერთ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც ორი სავანე დაარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი _ სირიელებისთვის. გარდაიცვალა 380 წელს.

ღირსი მარი მგალობელი სირიაში მოღვაწეობდა. ის ოცდაჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა ერთ ნესტიან ქოხში, ძალიან მწირ საზრდელს ღებულობდა, ველური მხეცების ტყავისაგან შემზადებულ სამოსს ატარებდა. რბილი და სასიამოვნო ხმის გამო წმიდანს მგალობელი შეარქვეს. ღირსი მამა გარდაიცვალა სამოცი წლის ასაკში (+430).

ათენის აკადემიაში სწავლის წლებმა ცოდნასთან ერთად მას საუკეთესო მეგობარიც შესძინა ბასილი დიდის სახით. მათი მეგობრობის საფუძველი გახდა ერთნაირი სულიერი მისწრაფებანი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო