Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

3 თებერვალი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

21(ახ.3.02) იანვარი

მოწამენი: ევგენი, კანდიდე, ვალერიანე და აკვილა (III); მოწამე ნეოფიტე (+303-305); მოწამე აგნია ქალწული (+დაახლ. 304); ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (+662); მოწამე ანასტასი (+662).

მოწამენი: ევგენი, კანდიდე, ვალერიანე და აკვილა დიოკლეტიანესა და მაქსიამიანეს (284-305) ზეობისას აწამა მხედართმთავარმა ლისიუსმა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანემ, კანდიდემ და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი: მხეცებს შორის ყოფნა არჩიეს წარმართებთან ცხოვრებას. წმიდანებს იქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს და ქრისტეს აღსარებისთვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს უყრიდნენ.. ევგენი რამენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. უვნებლად გადარჩენილ მარტვილებს თავები მოჰკეთეს.



მოწამე ნეოფიტე ნიკეიდან იყო. მშობლებმა იგი კეთილშობილ ქრისტიანად აღზარდეს. უფალმა წმიდანს სიყრმიდანვე მიმადლა სასწაულთმოქმედების ნიჭი. წმიდანის დედამ უფალს შესთხოვა, გაეცხადებინა მისთვის შვილის მომავალი. ღმერთმა თეთრი მტრედის სასწაულებრივი გამოჩენით აუწყა ქალს, რომ ნეოფიტე საცხოვნებელ გზას დაადგებოდა. იმავე მტრედმა გაიყვანა ბავშვი მშობლიური სახლიდან და მთის ერთი გამოქვაბულისკენ გაუძღვა. ამ გამოქვაბულში თხუთმეტი წელი იცხოვრა წმიდანმა და გარეთ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა _ მშობლების დასაკრძალად და მათი ქონების გლახაკებისთვის დასარიგებლად. დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელი დევნისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და ამხილა წარმართთა უგნურება. გამხეცებულმა უსჯულოებმა ხეზე დაკიდეს წმიდანი, ხარის ძარღვებით სცემეს და სხეული რკინით გადაუფხიკეს. შემდეგ მოწამე გახურებულ ქურაში ჩააგდეს, სადაც მან სამი დღე-ღამე დაჰყო უვნებლად. მტარვალებმა უკვე არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ და უფლის რჩეულის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთმა მათგანმა მარტვილს მახვილი უგმირა გულში (+303_305).

მოწამე ანგია დაიბადა III ს-ში. წმიდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, ღვთის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როცა აგნიამ ქალაქის თავის, სიმფრონიუსის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელლმა ამცნო მმართველსს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიუსმა ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა _ უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმები ჩამოეზარდა თAვზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შექით იყო გარემოცული, რომელიც ყველას თვალებს უბნელებდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა, ხელი შეეხო აგნიასათვის, იმავ წამს უსულოდ დაეცა მიწაზე, მაგრამ წმიდანის ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრებილი ხალხის წინაშე განაცხადა: `მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ცისა და ქვეყნის ჭეშმარიტი უფალი. სხვა ღმერთები მტვერია და ნაცარი!~ ამ სასწაულის მხილველებმა ას სამოცმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე და მოწამეობრივად აღესრულნენ. აგნია კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი, ცეცხლიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი (+დაახლ. 304). მოწამე ქალაქ რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი


ღირსი მაქსიმე აღმსარებელი დაიბადა 580 წელს კონსტანტინოპოლში, ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლისის სავანეს (ბოსფორის ნაპირზე) მიაშურა და მონაზვნად აღიკვეცა. წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა. 633 წელს _ იერუსალიმელი პატრიარქის, სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმე ალექსანდრიაში გაემგზავრა.

ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ვრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინოპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას _ ათანასე, ალექსანდრიისას კი _ კვიროსი. კონსტანტინიპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ ექვსი წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.

638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი _ იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კარსტანციუს II (642-648), მონოთელიტთა მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ ხუთი წელი იქადაგა. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც ას ორმოცდაათი დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ოცდაჩვიდმეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის _ მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა. როცა კონსტანციუს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს.

 656 წელს მაქსიმე თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთა ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. წმიდანი ქალაქ ცაგერში დაკრძალეს, მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა.

მოწამე ანასტასი მაქსიმე აღმსარებლის მოწაფე იყო და მასთან ერთად იდევნებოდა მონოთელიტთაგან. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება წმიდა ანასტასიმ შემოგვინახა. იგი გარდაიცვალა 662 წელს.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო