Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF


                               მღვდელმოწამე ეგნატე                                            

                                                                                           ღმერთშემოსილი(+107)

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო - სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ).

 უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის. ერთხელ წმიდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. ქრისტიანთა დევნის დროს მეუფე განამტკიცებდა მრევლს და თავადაც მოწამეობის სურვილით იყო ანთებული. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.


106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ (98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. 107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, წმიდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს.


ნეტარი ეგნატე სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად ათი მხედრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. გზაზე უამრავი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა წმიდა მღვდელმთავარმა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელს. აღმსარებლის მოსანახულებლად, ნუგეშინისსაცემად და მისადმი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც.


ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა: „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან.ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ“.


რომაელი ქრისტიანები დიდი სიხარულითა შეხვდნენ უფლის რჩეულს. წმიდა ეგნატემ სასოებით მოიყარა მუხლი და სხვა მორწმუნეებთან ერთად მხურვალედ ილოცა ეკლესიისთვის, ურთიერთარს შორის სიყვარულისთვის და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტისთვის. 20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა: თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილთა მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა“. ამ სიტყვების წარმოთქმა და გააფთრებული მხეცების გამოშვება ერთი იყო. გადმოცემით, სასიკვდილოდ მიმავალი წმიდა ეგნატე დაუდუმებლად იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო. როცა წმიდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.


მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს (ამის შესახებ იხილეთ 29 იანვრის საკითხავში), შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან.

                                                                                                     

                                                        წმიდა დანიელი,სერბელი მთავარეპისკოპოსი(+1652)

      

წმიდა დანიელ სერბი, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს. წმიდანს იმ მძიმე დროს მოუწია ამ ხარისხში ყოფნა, როცა პალესტინიდან განდევნილი ჯვაროსნები არაბებთან ერთად არბევდნენ და ძარცვავდნენ ათონის მონასტრებს. როცა წმიდა მთაზე მშვიდობამ დაისადგურა, წმიდანმა უარი თქვა იღუმენობაზე და კარიესის სავანეში, საბა სერბის სენაკში დაეყუდა. როცა უროშ მილიუტინსა და მის ძმას, სტეფანე დრაგუტინს შორის შინაბრძოლები დაიწყო, დანიელს სერბეთში მოუხმეს და მან მოახერხა ძმების შერიგება. სამშობლოში უფლის რჩეულს ბანსკის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას შემდეგ, რაც ბანსკში წმიდა მოციქულისა და მთავარდიაკვნის, სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ნეტარი დანიელი კვლავ განდეგილ ცხოვრებას დაუბრუნდა წმიდა მთაზე.


უფლის რჩეული ათონის მთიდან მეორეჯერ 1325 წელს გაიწვიეს და ჯვართამაღლების დღესასწაულზე სერბეთის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. ზეიმს ათონის ბერმონაზვნებიც ესწრებოდნენ. 1335 წელს წმიდანმა დეჩში ააგო მაცხოვრის ამაღლების ტაძარი - ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი სერბეთში. მან თავი მოუყარა ისტორიულ ცნობებს სერბ ხელისუფალთა და მღვდელმთავართა შესახებ. უფლის რჩეულს სიცოცხლეშივე მიემადლა სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი. მთავარეპისკოპოსად დადგინებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, 1338 წლის 19 დეკემბერს მან სული უფალს შეჰვედრა.

     

                                                              წმინდა იოანე კრონშტანდტელი(+1908)



წმიდა იოანე კრონშტანდტელი 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს.


წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.


1851 წელს იოანემ დაამთავრა სასულიერო სემინარია და პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. ამავე დროს იგი საქმის მწარმოებლადაც მუშაობდა კანცელარიაში და აქ გამომუშავებული მცირეოდენი თანხით დაქვრივებულ დედას ეხმარებოდა. 1855 წელს წმიდანმა აკადემიაც დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, იმავე წელს ჯვარი დაიწერა კრონშტანდტელი დეკანოზის, ნესვიცკის ასულ ელისაბედზე, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს და კრონშტანდტის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში დაიწყო მოღვაწეობა.


კრონშტანდტი ძალიან ღარიბი ქალაქი იყო. წმიდანი სიხარულით მიდიოდა მათ ქოხმახებში, ესაუბრებოდა, ნუგეშს სცემდა, ეხმარებოდა: სნეულთან ხშირად თვითონ მიჰყავდა ექიმი და წამლებიც თავად მიჰქონდა, მშივრებს და დავრდომილებს პურს აწვდიდა. ხალხსაც თანდათან ღირსი მამის დიდი იმედი გაუჩნდა. ყოველ დილით ურიცხვი მაწანწალა ელოდა მისი ხელით გაღებულ მოწყალებას და ისიც უანგაროდ გასცემდა ყველაფერს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა წმიდა იოანე ჩექმებს გაჭირვებულს ჩუქნიდა და შინ ფეხშიშველი ბრუნდებოდა. „მე - მღვდელი ვარ. ესე იგი, სათქმელიც არაფერია: საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნი“, - ამბობდა ნეტარი.

„ქრისტიანს ეკლესიის გარეშე, ისევე, როგორც თევზს უწყლოდ, არ შეუძლია ჭეშმარიტი ცხოვრებით ცხოვრება: ეკლესია მისი სტიქიაა“, - წერდა მართალი იოანე, - „ეკლესიასა და ღვთისმსახურებას მოწყვეტილნი. საკუთარი ვნებების მსხვერპლნი ხდებიან და იღუპებიან“. წმიდა მამა ყოველდღე აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას და ყოველდღე ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ღვთისმსახურებისას კონდაკს თითქმის არ ხსნიდა, ზეპირად ლოცულობდა. საოცარი ძალა ჰქონდა მის ვედრებას. ნეტარი მედავითნეობდა კიდეც, გალობდა, რეგენტობდა. კვეთის დროს საკურთხეველში ათასობით სეფისკვერი შეჰქონდათ დიდი კალათებით, უამრავი ხალხი სთხოვდა წმიდანს ახლობლების მოხსენიებას.


მართალი იოანე დიდი ქველმოქმედიც იყო: შემოწირულ თანხებს უხვად იღებდა ტაძრებისა და სამრევლო სკოლების მშენებლობისა თუ სხვა სასიკეთო საქმეებისთვის.


წმიდა მამას კურნებისა და განჭვრეტის მადლი ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული. მისი ლოცვით იკურნებოდნენ როგორც ხორციელი, ისე სულიერი ავადმყოფები. ნეტარი არამართლმადიდებლებსაც შეეწეოდა: უცხო რელიგიათა მიმდევრების განკურნება მათი მოქცევის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა.


უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და 1908 წლის 20 დეკემბერს მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი პატივით გადაასვენეს კრონშტანდტიდან პეტერბურგში

                            

                                          


                                         წმიინდა ყრმა იოანე(+1652)

წმიდა მოწამე ყრმა იოანე კუნძულ პათოსზე მდებარე სოფელ მარიესში დაიბადა. სიყრმეში იგი თურქებმა შეიპყრეს და მაჰმადიანობის შეურაცხყოფაში დადეს ბრალი. უსჯულოები ნეტარისგან ისლამის მიღებას მოითხოვდნენ, რაზეც მან მტკიცე უარით უპასუხა. ამისთვის ცამეტი წლის იოანეს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა კონსტანტინოპოლში, 1652 წელს.



New layer...
New layer...
 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო