Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

27 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

14(ახ.27) იანვარი


მოციქულთასწორი ქალწული ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IV); ღირსნი მამანი, რომელნი მოისრნენ სარკინოზთაგან სინასა და რაითს: საბა, ისაია, მოსე და მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნე, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსები და ილია (IV-V); ღირსი იოსებ რაითელი (IV); ღირსი თეოდულე (V); ღირსი სტეფანე (VIII).

წმიდა ნინო



კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსასზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი საქართველოში. წმიდა ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს.

ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: `წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი~. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: `როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?~ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: `მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა~. გამოღვიძებულ ნინოს, მართლაც, ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გამოუმჟღავნეს სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.


იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: `უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად თვთაებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემამეცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთ, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ~.

რომში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწ და საძაგელ კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელმაც ზეციური სასიძო ამოერჩია.

წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მალემსრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე და უბრძანა: `მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში~.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად. წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვაკურთხევა ~მცხეთას წარმართთა ქადაგებისა~, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წასულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფე, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: `უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა, რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის გცენ იესოს მიერ ძისა შენისა~, _ შეჰღაღადა მან ღმერთს. დაჰბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა.

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, ბაღის მცველის უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიჰმადლა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები.

ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა სთხოვეს. `არა ბრძანებულ არს ჩემდა რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვიდენ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა~, _ უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: `ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაუვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა~. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყბიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა. წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს). წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში _ `ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა~. ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე ცალ-ცალკე მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. `და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყვთელ იყვნეს და ხორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა~.

312 წელს, ქრისტეშობიდამ მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები შეესივნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტვა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თავლით მოხედა თავის რჩეულებს და `აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაი კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე~. სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, `ზოგი აქლემებისა მათისაი და საჭურველისა მათისაი დაყარეს შიშისაგან~. მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა იწყეს `სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა~. ოცდათვრამეტი მოკლული ჰპოვეს, ორიც_მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ბერების ცხედრები: `რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაი ყოვლადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცვნებულ იყვნეს, და სხუაი ხელით და ხერხით დაჭრილი იდვა, ვითარცა ხუდნი~... იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი _ ამბა საბა გადარჩებოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, `ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაი მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაი და ვერ შევედ მას შინა~. ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქმნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. `და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიხცვ მათი რიცხვსაებრ წმიდათა ორმეოცთაისა~.

როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვრა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვიდამ თავს დაესხნენ არაბთა ტომები_აბაშები, `რიცხვ მათი ვითარ სამას კაც~. ამ დროს მონასტერში ორასამდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახით, ისინი ადღდგნენ ცოლშვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ _ ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობითაც აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და `წარტყუეს ყრმები და დედები მათ თანა~. ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარულ ბერებამდეც მიაღწიეს: `ვითარცა მხეცნი მძვნვარენი რბიოდეს და ხმობდეს ხმითა მაღლითა და უშუერითა~. მონასტრის წინამძღვარმა _ პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი, საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა, ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.

ამასობაში უღმერთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. `არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი~, - მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს `და დაადგინეს იგი შეშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ხორცნი მისნი~. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დათმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: `აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ~. უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს და გადამალული განძის ჩაბარებას სთხოვდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდან ` და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდისა ტანჯვისა~. ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს: `იწყეს ცემად მამათა მახვილითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახვლითა ნაწლევნი გამოუხსნიან გარე და რომელსამე მხარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრეთ მოწყვდნეს წმიდანი იგი მამანი~.

უღმერთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ `არა მოჰკლვენ მას მოყუასთავე თვსთა თანა და ეგულების წარყვანებაი მისი მათ თანა~, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, `აღიღო მახვლი ერთი მათგანისაი და უხეთქნა მხარსა ოდენ ჰაბაშისასა~ _ სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდევ თავისას: `ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახვლითა~. როცა ხოცვა _ ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს. `არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაი აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასე და სიხარული წარუვალი ქრისტეს მიერ უფლისა ჩვენისა~. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა _ მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოვეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს _ მოყვასთა დასახმარებლად მისულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურცა. ამ დღეს აღსრულებული მამები `მონანი იყვნეს... ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულსა სასუფეველისა მისისასა... ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაითა ითხოვონ ჩუენთვს შეწევნაი...~

სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს) მოგვითხრო. სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნე, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსები და ილია.

ღირსი იოსებ რაითელი ბრძენ იყო... და სწავლულ ყოვლითა საქმითა, და ღმერთი იყო მის თანა~. ერთხელ მის კელიასთან მისულმა ბერმა კარის ღრიჭოდან იხილა იგი ლოცვასა შინა თვსსა. როცა მამა იოსებმა შეიტყო, რომ გაცხადდა საქმე მისი~, შეეშინა... ნუუკუ აწყინებდენ მას ძმანი~ და ღმერთს ევედრა, დაეფარა მისი ღვაწლი. ამ დღიდან წმიდანი არავის ეჩვენებოდა.

ექვსი წლის შემდეგ, იოსებმა მისი მოწაფის, ამბა გელასის სენაკის კარზე დააკაკუნა. და განვიდა ამბა გელასი და პოვა მოძღვარი იგი თვსი მდგომარე კარსა ზედა. გელასიმ უსაყვედურა მოძღვარს, რად დამტოვეო ობლად, წმიდა მამამ კიმიუგო, უწყის უფალმა, მე არსად წავსულვარ, არც წმიდა ზიარებას მოვკლებივარ, მაგრამ თქვენგანი არავინ მხედვიდაო~. შემდეგ მოსვლის მიზეზიც გააცხადა: დღეს მივიცვალები ხორცთა ამათგან უბადრუკთა უფლისა ჩემისა და ვინებე, რაითამცა შენ დაჰმარხენ იგინი. ამბა გელასი ყურადღებით უსმენდა მოძღვარს სარგებელისათვს სულისა მოლოდებისათვს კეთილისა მერმისა საუკუნოისა. ბოლოს მამა იოსებმა გულზე ხელები დაიწყო და მიიცვალა. `პირი მისი ბრწყინავდა, ვითარცა მზე. ბერებმა პატივით დაკრძალეს წმიდა ცხედარი. ეს მოხდა რაითელ მამათა მოწყვეტამდე, IV ს-ში.

ღირსი თეოდულე იყო ძე ნილოს მმარხველისა (ხს. 12 ნოემბერს), რომელმაც აღწერა რაითელ მამათა მოწყვეტა V საუკუნეში. თეოდულე მამასთან ერთად სიყრმეშივე განერიდა ამსოფელს და სინას მთაზე დამკვიდრდა. მეუდაბნოე ბერებზე ბარბაროსების თავდასხმის დროს იგი ტყვედ ჩავარდა. ქალაქ ულუზაში თეოდულე ადგილობრივმა მღვდელმთავარმა გამოისყიდა უსჯულოთა ხელიდან. წმიდა ნილოსმა სწორედ მის სახლში იპოვა მონატრებული ვაჟი. ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა მამაც და შვილიც, რის შემდეგაც ისინი სინას მთას დაუბრუნდნენ. წმიდათა უხრწნელი ნაწილები იუსტინე უმცროსის (565-578) ზეობისას კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

ღირსი სტეფანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VII ს-ში. დიდი მოსაგრე მამების მიბაძვით მან პალესტინის ბევრი სავანე მოიარა, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სავანე დაარსა ბითვინიაში, ქალკედონის მახლობლად. წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების ჟამი.

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო