Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

23 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

10(ახ.23) იანვარი


ღირსი გრიგოლ ნოსელი (+394), ნეტარი თეოზვა დედათ-დიაკონისა, გრიგოლ ნოსელის და (+385); ღირსი მარკიანე ხუცესი (V); ღირსი დომენტიანე _ მელიტინელი ეპისკოპოსი (+601); წმიდა თეოფანე დაყუდებული (+1894);.

წმიდა გრიგოლ ნოსელი



წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილი კესარიელის (ხს. 1 იანვარს) ძმა იყო. ისიც „ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა ბასილი, თავისა ძმაჲ“.

გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ჭეშმარიტების მაძიებელი ყრმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით მისი არსების გამსჭვალვაში დიდი როლი შეასრულა დედამ და განსაკუთრებით, დამ - მაკრინამ (ხს. 19 ივლისს). გრიგოლმა წმიდა მაკრინას ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და შემოგვინახა.

დედის, დის, შემდეგ კი ძმის - ნავკრატიუსის განდგომამ ამსოფლიურ ამაებათაგან დიდი გავლენა მოახდინა წმიდანზე. წმიდა გრიგოლი მკითხველად დაადგინეს ეკლესიაში, მაგრამ 364 წელს მან ხელი აიღო საეკლესიო მოღვაწეობაზე და რიტორობას დაუბრუნდა. ძმა საყვედურობდა მას: „რიტორის სახელი არჩიე ქრისტიანობას?!“

როგორც ჩანს, გრიგოლი სწორედ ამ სულიერი ბრძოლების და მერყეობის ჟამს დაქორწინდა. შემდეგ იგი წერდა: „ნეტარნი არიან ისინი, რომლებსაც ძალუძთ უმჯობესის არჩევა და არ განიზღუდვიან მისგან საზოგადო ყოფას შემსჭვალულნი, ისევე, როგორც ჩვენ, რომლებიც თითქოსდა უფსკრულით განვიზღუდეთ ქალწულებისაგან; ხოლო ქალწულებამდე ვეღარ ამაღლდება ისეთი ვინმე, ვინც ერთგზის უკვე ჩადგა ფეხი ამქვეყნიურ ცხოვრებაში“.

370 წელს ბასილი დიდი კესარიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 372 წელს კი მან გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად.

371 წელს გრიგოლმა დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა „ქალწულებისათვის“, მთლიანად შეემსჭვალა ქრისტიანულ ასკეზას და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა.

ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. 376 წელს მას ცილი დასწამეს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში, გადააყენეს ეპისკოპოსობიდან და ანკირიაში გადაასახლეს, მომდევნო წელს არიანელ ეპისკოპოსთა კრებამ კვლავ დაგმო იგი, მაგრამ წმიდა გრიგოლი სულით მაინც არ ტყდებოდა და შორიდან განამტკიცებდა თავის სამწყსოს. ეს წლები მისი სულიერი აღმაფრენის ჟამი იყო. ამ ხანებში შექმნა მან ქრისტიანული მისტიკის ურჩეულესი ძეგლები „ცხოვრება მოსესი“ და „განმარტება ქება ქებათასი“.

ვალენტის (378) სიკვდილის შემდეგ გრიგოლი დააბრუნეს თავის კათედრაზე და მრევლიც სიხარულით შეხვდა მას, მაგრამ სულ მალე, 379 წელს ბასილი დიდი გარდაიცვალა, რამაც დიდად დაამწუხრა წმიდანი. მან გამოსათხოვარი სიტყვა უძღვნა ძმას, შემდგომ კი დაასრულა მისი ნაშრომი „ექუსთა დღეთათჳს“ - განმარტა მეექვსე დღის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის შესაქმეს ეხება („ადამიანის შექმნის შესახებ“).

გრიგოლ ნოსელი ცდილობდა, ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ბასილის მიცვალებამ დატოვა საქრისტიანოში და ამიერიდან უპირველეს როლს ასრულებდა ეკლესიის ცხოვრებაში. 379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულობას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას. კრებამ გრიგოლს დაავალა, ემოგზაურა არაბეთსა და პალესტინაში, მოეხილა იქაური ეკლესიები და განემტკიცებინა მათში მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობელზე. უკან გამობრუნებულმა წმიდანმა იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა.

381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი. ამ კრებაზე წმიდა გრიგოლის ინიციატივით, დამატება შეიტანეს ნიკეის რწმენის სიმბოლოში. სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, გრიგოლ ნოსელმაც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.

ნეტარი თეოზვა დიაკონისა ბასილი დიდის, გრიგოლ ნესელის და პეტრე სებასტიელის და იყო. ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.

ღირსი მარკიანე რომში დაიბადა, დაწყებითი განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ დარცენილი მდიდარი მემკვიდრეობა ღირსმა მამამ ტაძრების მშენებლობას მოახმარა. თავისი ზნეობრივი სიწმიდით და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ღირსმა მარკიანემ პატრიარქის ყურადღება მიიქცია, რომელმაც ხუცესად აკურთხა და კონსტანტინოპოლს დიდი საპატრიარქო ტაძრის იკონომოსად დანიშნა იგი. ღირსი მარკიანე გარდაიცვალა 472-474 წლებში და დაკრძალეს კონსტანტინოპოლში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.

ღირსი დომენტიანე, მელიტინელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინე უმცროსის (565-578) დროს. იგი ადრე დაქვრივდა, ბერად აღიკვეცა და წმიდა, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ოცდაათი წლის იყო წმიდანი, როცა ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად აირჩიეს. მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველს და სამწყსოს მოსიყვარულე მღვდელმთავარს სახელმწიფოებრივი დავალებებით ხშირად გზავნიდნენ სპარსეთში. საყოველთაო სითბოთი გარემოცული დომენტიანე ხშირად ღებულობდა მდიდრულ საჩეუქრებს, მაგრამ მათ გლახაკებს და უპოვრებს უნაწილებდა. ღვთის ნებით, წმიდანი სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ აღსრულებული მრავალი სასწაულით გაბრწყინდა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო