Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

21 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

8(ახ.21) იანვარი


მოწამე აბო ტფილელი (+786); ღირსმოწამე კარტერი, კესარიელი ხუცესი (+304); მოწამენი: იულიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ბასილისა და მარიონილა, შვიდი ყრმა და ოცი მხედარი (+313); ღირსი ილია, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV); ღირსი დომნიკა კონსტანტინოპოლელი (+დაახლ. 474); ღირსი გიორგი ქოზიბელი (VII); ემილიანე აღმსარებელი _ კვიზიკელი ეპისკოპოსი (IX); მღვდელმოწამე ისიდორე და მისთანა სამოცდათორმეტი მოწამე (1472).

 წმიდა მოწამე აბო თბილელი



 მოწამე აბო ტფილელი დაიბადა 750 წლის ახლო ხანებში, მისი მშობლები დახელოვნებული იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და წმიდა აბოც ამ ხელობას დაეუფლა. `იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა.
ამ დროს არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ქართველთა განადგურებისა და გადაგვარების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნედა, ბევრი გადადრიკეს კიდევ ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, `ვითარა ლერწამი ქართაგან ძლიერთა~. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს.
766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვაელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს. მიუხედავად ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი სადაც ყველა ქრისტიანი იყო. შემდგომმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარცენილიყო აფხაზეთში: `მეშინის მე შენთვს, ნუკუე კუალად განდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაი შენი წარწყმიდო~, - უთხრა მან აბოს. `განმიტევე მე, რაითა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაი ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ~, _ უპასუხა ნეტარმა. სამი წელი მორვაწეობა აბო თბილისში. ძველმა თანამემამულეებმა დაისმინეს იგი და საუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით, მალე გაათავისუფლეს.
 თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს, დამალულიყო, მან კი, გახარებულმა, ასე უპასუხა: `მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდილდცა.
 


ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით, აბოს ხელ-ფეხზე ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭორმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან სთხოვა ქრისტიანებს, გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ. წამების დღეს წმინდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშვდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ, _ ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს. წმინდა აბომ დაიწყო გულზე ხელები და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს. ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმინდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. უსჯულოებმა თავი მოჰკვეთეს წმინდანს, სხეული ტანსაცმლებთან და მისავე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს. ქრისტიანებმა წმინდანის ნეშთი მასზე ზეციური ნათელის გარდამოსვლით იპოვეს.
მღვდელმოწამე კარტერი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა.
 როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: კარტერი, წადი და წარსდექი გამგებლის წინაშე – მე შენთან ვიქნები. მრავალი ტანჯვის დათმენა მოგიწევს ემი სახელისათვის. ბევრი განმტკიცება და ცხონდება შენს მიერ. სიხარულით აღვსილმა წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს და ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ნეტარ მამას თავდაპირველად ჯოხებით სცემდნენ, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს და ხელ-ფეხის ფრჩხილები დააძვრეს. კარტერის უფლის ანგელოზი უმსბუქებდა ტანჯვას. გახურებული რკინითაც დიდხანს აწამეს ქრისტეს მნე აღმსარებელი, ბოლოს კი დილეგში ჩააგდეს. აქ წმიდანს თავად უფალი გამოეცხადა, განკურნა, ბორკილებისაგან გაათავისუფლა და საპყრობილიდანაც გამოიყვანა. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელიღო და განიკურნა სნეულებათაგან. უღმერთოებმა კვლავ შეიპყრეს კარტერი, სასტიკად აწამეს, და ბოლოს, მახვილით განგმირეს.

 მოწამე იულიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი, მშობლების სურვილით, დიდებულ და მდიდარ ქალწულ ბასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულება დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ ისინი აღეკვეცნენ და ორი _ მამათა და დედათა სავანე დაარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღვრობდნენ. მაქსიმინეს (305-313) დროინდელი დევნისას, 313 წელს იულიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს მის მიერ გამოჩენილმა სიმტკიცემ ჭეშმარიტად სარწმუნოებაზე მოაქცია მისი მტანჯველის, იგემონ მარკიანეს ვაჟი, კელსი. როცა მარკიანეს მეუღლემ, მარიონილამ იხილა, თუ როგორ გააცოცხლა ლოცვის ძალით იულიანემ ერთი ახალგარდაცვლილი წარმართი, ამ უკანასკნელთან ერთად თავადაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ხუცესმა ანტონიმ სამივენი მონათლა (მკვდრეთით აღმდგარს ანასტასი უწოდა). უსჯულოებმა აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა ოცი მხედარი და შვიდი ყრმა.
ღირსი ილია მეუდაბნოე სამოცდათხუთმეტი წელი მოსაგრეობდა ეგვიპტის ერთი უდაბური მთის კლდოვან გამოქვაბულში. იგი 110 წლის ასაკში მიიცვალა IV საუკუნეში.
ღირსი დომნიკა კართაგენიდან ჩამოვიდა კონსტანტინოპოლში თეოდოსი დიდის (379-395) მეფობისას. აქ მან ნათელიღო პატრიარქ ნექტარიუსის ხელით და მონასტერში დამკვიდრდა. მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობით წმიდა ქლაწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმინდა დედა ღმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს.
ღირსი გიორგი ქოზიბელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მშობლების სიკვდილის შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა და მდინარე იორდანესა და იერუსალიმს შორს მდებარე ქოზიბის ძმობაში დამკვიდრდა. მარხვის, ლოცვისა და მღვიძარების მოყვარული წმინდა მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი გიორგი მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში.

მღვდელმოწამე ისიდორე და მასთან 72 მოწამენი


ღირსმოწამე ისიდორე ქალაქ იურიევის (დერპტი, თანამედროვე ტარტუ, ესტონეთი) ნოკოლსკის ტაძრის მოძღვარი იყო. ღირსი ისიდორე მტკიცედ იდგა მართლმადიდებლობის დასაცავად – კათოლიკეების მორჩილებაში ყოფნას მან მოწამის გვირგვინი არჩია.
ნათლისღების დღესასწაულზე, წყლის კურთხევის შემდეგ, წმინდანი თავის 72 სულიერ შვილთან ერთად მდინარე ამოვჟის (ემაიიგი) ყინულჭრილში ჩააგდეს. გაზაფხულზე, წყალდიდობის დროს, რუსმა ვაჭრებმა ნაპირზე გამორიყული მოწამეთა გვამები იპოვეს. მათ შორის იყო წმინდა ისიდორეს ცხედარიც – სრულ შესამოსელში. წმიდანთა უხრწნელი ნეშტი პატივით დაკრძალეს ნიკოლსკის ტაძარში.

ღირსი გრიგოლ პეჩორელი, საკვირველთმოქმედი


ღირსი გრიგოლი, კიევო-პეჩორელი განდეგილი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმიდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ.

ღირსი გრიგოლი კიევო-პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი თეოდოსის (+1074, ხს. 3 მაისს) დროს. წმიდანი ძალიან ბევრს კითხულობდა - მის ერთადერთ ქონებას წიგნები წარმოადგენდა. ღირს გრიგოლს ქურდების გონზე მოყვანის საოცარი უნარი ჰქონდა. მძარცველები რამდენჯერმე შემოპარულან მასთან კელიასა და ბაღში, მაგრამ, წმიდა მამისაგან შეგონებულნი, სინანულში ჩავარდნილან და უსჯულო ცხოვრებაზე ხელი აუღიათ. ერთხელ წმიდანი დნეპრზე ჩავიდა წყლის მოსატანად. სალაშქროდ მიმავალმა მთავარ როსტისლავის ჭაბუკმა მეომრებმა სიცილი დააყარეს მას და ჯავრება დაუწყეს. ბერმა უთხრა: „ყმაწვილებო, თქვენ ახლა შეშინებულები ლოცვას უნდა თხოვდეთ ყოველ შემხვედრს, რადგან უფალს განაჩენი უკვა გამოტანილი აქვს: ყველას წყალი შთანგთქავთ მთავრებთან ერთად!“ განრისხებული სარდლის ბრძანებით ღირს გრიგოლს ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე ქვა გამოაბეს და დნეპრში ჩააგდეს. მისი წინასწართქმული მაინც ახდა: როსტისლავი ბრძოლიდან ვერ დაბრუნდა - პოლონელებისგან უკუქცეული 20 წლის მთავარი წყალმა შთანთქა.

სასწაულებრივად გადარჩენილი ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი 1093 წელს მიიცვალა და დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო