Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

16 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

3(ახ.16) იანვარი


ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (დაახლ. +1110); წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) +1953; წინასწარმეტყველი მალაქია (დაახ. 400 წ. ქრისტეს შობამდე) მოწამე გორდი (IV).
ღირსი იოვანე ჭყონდიდელის შესასხებ ცნობებს ვხვდებით გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებებში: `ცხოვრებაი გიორგი მთაწმინდელისა~, როგორც ჩანს წმინდა იოვანე დაწინაურებულ ქართველ თავადიშვილთა გვარიდან იყო. იგი მისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ღმრთისმეტყველი და უდიდესი პატრიოტია.


1050 წელს წმინდა იოვანე ჯერ კიდევ ერისკაცობაში თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა ბაგრატ IV-ს და დედოფალ მარიამს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ წმინდა გიორგი მთაწმინდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოვანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს.
1054 წელს წმინდა იოვანე ჯერ კიდევ ერისკაცია და აქტიურად მონაწილეობს საერო და სასულიერო ცხოვრებაში.
1059 წელს წმინდა იოვანემ მეფე ბაგრატ IV-ის დავალებით ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ინიციატივითაც იოვანეს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
1061-65 წლიდან წმინდა იოვანეს მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებს ამ დროისათვის უკვე საკმაოდ დაწინაურებულ ჭყონდიდის კათედრას. იგი აქტიურად ამოუდგა მხარში გიორგი მთაწმინდელს საქართველოში იმ დროისათვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში.
1065 წელს წმინდა იოვანე მის ძმასთან და ბედიელ მთავარეპისკოპოსთან ერთად თან ახლავს მართა უფლისწულს კონსტანტინოპოლში. ამის შემდეგ 1066-67 წლებში წმინდანი კიდევ მიდის კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორთან, როგორც ბაგრატ მეფის უერთგულესი მოციქული და საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი. ამ ელჩობის დროს იოვანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცეს-მონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.
 გიორგი ხუცეს-მონაზონი წმინდა იოვანეს მისი თხზულების ერთ-ერთ შემკვეთად ასახელებს: ღმერთის-მოყვარისაცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა... დიდად იძულებულ იქნა უღირსებაი ჩუენი... რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასვლისა წმიდისა ამის მამისა ჩუენისაი (გიორგი მთაწმინდელისა) უნაკლოდ მიუთხრა.
 1085 წელს წმინდა იოვანე სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოვებული. წმინდა გიორგი მთაწმინდელის მიერ შედგენილი სივნანქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით 3 იანვარს `გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოვანე ჭყონდიდელი~ (დაახ. 1110 წელს). როგორც ჩანს ამავე წლიდან დაწესდა წმინდა ჭყონდიდლის ხსენება.

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)



წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) დაიბადა გურიის სოფელ ლიხაურში 1863 (ან 1862) წლის 5 ივნისს. მამამისი აზნაური სიმონ თაყაიშვილი კორდონის ოფიცერი იყო, დედა – გიტული (გიტო) ნაკაშიძე კი მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. წმიდანს მშობლები ადრე გარდაეცვალა.
ექვთიმეს ადრევე გამოუვლენია სწავლისადმი დიდი მისწრაფება. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა. გიმნაზია ექვთიმემ 1883 წელს დაასრულა ვერცხლის მედლით.
1883 წელს ექვთიმე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიორ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, 1887 წელს დაასრულა სწავლა და კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
1895 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო თვილისელი იურისტის, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო.
 ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ღვთისა და ერის სიყვარული წარმართავდა მის ყოველ მოქმედებას. თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად ექვთიმეს მიაჩნდა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვუს. მეცნიერების რა დარგში არ უმუშავია წმინდანს: ისტორის, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკა, ნუმაზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია... და ყველგან ჩვენი ერის ისტორიის ანარეკლს, ჩვენს ნაკვალევს ეძებდა. 1889 წეკს ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსა საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი~, რომელშიც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
 1907 წელს ექვთიმემ დაარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება. ამ საზოგადოების მიერ მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოგზაურობა `სამუსულმანო საქართველოში~. აქ სამშობლოდან ჩასული მეცნიერი თანამემამულეებს ეღვიძებდა და უმტკიცევდა ეროვნულ გრძნობებს. ზოგ სოფელში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება, რომ ისინი წინათ ქართველები იყვნენ, თითქმის ყველას ჰქონდათ.

საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ~ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. მათ შორის იყო სხვადასხვა საარქეოლოგიო და საეთნორაფიო ნივთები~, `ნაქსოვ-ნაკერები~ ხელნაწერები... ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები (ფაქსიმიდე) – 73 ძველი ფრესკის პირი. წმ. ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ. ექვთიმე თაყაიშვილს მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში 1918 წელს.
 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ გაიტანა საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ. `ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებუდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან, - წერს წმინდანი. საფრთხე კი ბევრი იყო: ბრიტანეთის და ნიუ-იორკის მუზეუმებს ექსპონატების შესყიდვა სურდათ, გრაფ ოხოლენსკის ქვრივს, სალომე დადიანს სასამართლოში აღუძრავს საქმე – საქართველოს ეროვნული განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ ასაღებდა თავს, მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებსაც გაუჩხრეკიათ ექვთიმეს ბინა, ბოლოს კი თავად საფრანგეთის მთავრობას განუცხადებია განძზე პრეტენზია. 1935 წელს ყოფილმა მთავრობამ უარი განაცხადა განძეულის მეურვეობაზე და მისი დაცვა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს დააკისრა.
წმინდა ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა: 1931 წელს გარდაეცვალა მეუღლე ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისგან ბევრჯერ დაღუპვის პირამდე მისულა, მაგრამ ღვთისგან და ერისგან დაკისრებული მოვალეობისთვის არ უღალატია. ბოლოს, 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების შედეგად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა განძის საქართველოში დასაბრუნებლად. გათავისუფლებული საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობის მოლაპარაკების შემდეგად იგი ამერიკულ თვითმფრინავზე დაიტვირთა და მცველების თანხლებით გადმოგზავნა საქართველოში.
თბილისის აეროდრომზე თვითმფრინავი 11 აპრილს დაეშვა. ექვთიმემ, ქართულ მიწაზე ფეხი რომ ჩამოდგა, ზევით აიხედა, ზეცას შეხედა, მერე დაიღუნა, მარჯვენა ხელით აიღო მიწა და ეამბორა მას. სამშობლოში პატივით მიიღეს ერისთვის დამაშვრალი მოღვაწე, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირიეს აკადემიის წევრად, განახლდა უცხოეთში განაწამები მისი გული. მოხუცმა მოიკრიბა უკანასკნელი ძალები და კვლავ ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის წინააღმდეგ აღბორგდა ბოროტი, რომელიც მაჯლაჯუნასავით აწვა მთელ ქვეყანას: 1951 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში, შემდეგ მომვლელმა ქალმაც შეწყვიტა სიარული, 1952 წლის დასაწყისში უნივერსიტეტიდან გაუგზავნეს უწყება, რომ თავისუფლდებოდა საქართველოს ისტორიის პროგესორის თანამდებობიდან საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო~. მალე გაირკვა, რომ ხმები დაეყარათ თითქოს ექვთიმეს შინაპატიმრობა ჰქონდა და ბევრი მეცნიერი ამის გამო მასთან მისვლას ვერ ბედავდა. თანამშრომელსაც აუკრძალეს მასთან სიარული.
1953 წლის 21 თებერვალს წმინდა ექვთიმემ სული უფალს შეჰვედრა. 24 თებერვალს მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა წმინდანის კუბო ვაკის სასაფლაომდე. ათი წლის შემდეგ, 1963 წლის 10 თებერვალს წმ. ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით მისი ნეშტი დიდუბის პანთეუმში გადაასვენეს ისე, რომ კუბოც არ აღმოჩნდა გამოსაცვლელი. ექვთიმეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც დაცული ყოფილა. 1987 წლის 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაფლეს ინნო პოლტორაცკაია – თაყაიშვილის ნეშტიც. 2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდა სინოდის განჩინებით მოხდა წმინდა ექვთიმეს კანონიზაცია და ეწოდა მას ექვთიმე ღვთისკაცი.
 წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეის მეფე კიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყბელი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს მალაქია, რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მისი წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს (3,1-5; 4,1-6). მალაქიას `წინასწარმეტყველთა ბეჭედს უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო ძველი აღთქმის იმ მართალთაგან, ვისაც უფალმა წინასწარხედვის მადლი მიანიჭა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე. 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის.
 მოწამე გორდი დაიბადა III საუკუნის დასასრულს კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამსოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთივსათნო ღვაწლით მომზადებულიყო მახოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის. 320 წელს გორდი აშკარად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო