Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

15 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

2(ახ.15) იანვარი


მოწამე გიორგი გურჯი – ივერიელი (+1700). მღვდელმოწამე თეოგენი, პარიელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 320); წმინდა სილიბისტრო, რომის პაპი (+335); ღირსი სერაფიმე საროველი – სასწაულმოქმედი (+1833);


მოწამე გიორგი გურჯი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა საქართველოში. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს. რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად `შალი~ დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო.. მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. გიორგი მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა, იგი არ დაოჯახებულა.
სამოცდაათი წლის ასაკში მასში გაიღვიძა სინდისმა და გადაწყვიტა ქრისტეს რწმენაზე დაბრუნება. თავისი ნებით ისე, რომ არავის დაუძალებია. მივიდა თურქ მსაჯულთან და განუცხადა: `დავიბადე ქრისტიანთა ოჯახში, ობოლი ბიჭი ბატონმა მაიძულა გავმხდარიყავი მუსულმანი. ახლა ვაცხადებ, რომ მსურს მოვკვდე, როგორც ქრისტიანი.
მსაჯული და ყველა მასთან მყოფნი იცნობდნენ სალის, როგორც კარგ, პატიოსან ადამიანს. როგორ წარმოიდგენდნენ, რომ ეს პატივსაცემი მოხუცი, თავისი თეთრი წვერით, `ჭკუას დაკარგავდა~ და მოითხოვდა ქრისტესთვის სიკვდილს? თვალცრემლიანმა მოხუცმა კვლავ აღიარა ქრისტეს სჯული და მოითხოვა მოწამეობრივი სიკვდილი, თავისი ცოდვების აღსახოცად.
გიორგი მოსაფიქრებლად და მათი აზრით ჭკუაზე მოსასვლელად ერთ ოდაში ჩაკეტეს, სადაც მას ლანძღავდნენ, ემუქრებოდნენ და აწვალებდნენ. მეორე დღეს ის მიიყვანეს სასამართლოში. სამი დღე გრძელდებოდა დაკითხვა და წამება, გიორგი კი პირიქით უფრო ძლიერდებოდა რწმენაში. ბოლოს გადაწყვიტეს მისი ჩამოხრჩობა.
ჩამოხრჩობის ადგილამდე მიმავალს უმოწყალოდ სცემდნენ, ის კი წამებას უსიტყვოდ იტანდა. კისერში მარყუჟი წაუჭირეს და აძალებდნენ, რომ წარმოეთქვა სიტყვა `სალავატი~, რაც მუსულმანობის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ ნეტარი მთელი ძალ-ღონით კუმავდა პირს, რომ ეს სიტყვა არ ეთქვა. ცემით და ტანჯვით მთელი ბაზარი მოატარეს. ბოლოს მიიყვანეს ჩამოსახრჩობ ადგილზე, რომელსაც `პარმაკკაპუ~ ერქვა. ჯერ დანით დაუწყეს ჩხვლეტა და აიძულებდნენ თითი გაეშალა, რითაც ერთ ღმერთს აღიარებდა (ალაჰს), მაგრამ მას ორივე მტევანი მაგრად ჰქონდა მოკუმშული. შემდეგ ბაწარზე ჩამოკიდეს და ისევ ჩამოხსნეს, იქნებ ასე მაინც შეშინებოდა. ბოლოს, როცა დაწმუნდნენ, რომ თავის აზრს იგი არაფრით შეიცვლიდა, ჩამოახრჩვეს. ასე დაიმკვიდრა მისმა სულმა სასუფეველი და დაიდგა მოწამეობრივი გვირგვინი 1770 წელს.

მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს ტრიბუნმა ზალიკინტიუსმა მოსთხოვა მას, ნებსით განეცხადებინა უარი მღვდელმთავრის წოდებაზე და სამხედრო სამსახურში შესულიყო. მან მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპრობილეში ჩააგდეს. წმიდანმა საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა. მაშინ მას ზღვაში დახრჩობა მიუსაჯეს. ეოგენმა დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვისას კი ისე გაბრწყინდა, რომ მენავეები და ზოგი იმ მეომართაგანი, რომელთაც წმიდანის დახრჩობა ჰქონდათ დავალებულ, ქრისტიანობაზე მოექცა. სხვებმა მაინც გაბედეს და წმიდანი ზღვაში გადააგდეს. ეს მოხდა 320 წელს. მოგვიანებით ქრისტიანებმა წლიდან გამოასვენეს მღვდელმთავრის უხრწნელი ცხედარი და ქალაქის გალავანთან დაკრძალეს.აქ შემდგომში უამრავი კურნება აღესრულებოდა.
წმინდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინესა და იუსტას ოჯახში. მამა მას ადრე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტად ქრისიანად აღზარდა ყმაწვილი. სილიბისტრომ მოყვასის მსახურების ღვაწლი იტვირთა. იგი განსაკუთრებით უცხოთა შეწყნარებაზე ზრუნავდა. საკუთარ სახლში ივრდომებდა და განუსვენებდა მათ. დევნის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაათავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარკელინემ (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა. ის გულმოდგინედ იღვწოდა თავისი სამწყსოს ცხოვრების სიწმიდისათვის, თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მღვდლები ამაო, მიწიერი საზრუნავებით არ დამძიმებულიყვნენ და პატიოსნად აღესრულებინათ თავიანთი მოვალეობა.
მღვდელმთავარი სილიბისტრო განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) დროს, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილიბისტრო, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქრის; ზამბრის მეთაურობით. ძველი აღთქმის წინგებზე დაყრდნობით წმინდა პაპმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრედა იესო ქრისტეს შობას წმინდა ქალწულისაგან, მისი ნებსით ჟვარცმას, ვნებას და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდად და ბრწყინვალე აღდგომას. წმინდა სილიბისტრო გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბრი შეეცადა, ჯადოთი მოეხიბლა მღვდელმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმიდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნა და ნათლისღება ითხოვა.
წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესიის ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

ღირსი წმიდა სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი


ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის ივლისს. მამა – ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა. ბავშვობიდანვ უფრთხილდებოდა უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მარლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში აყვანილი ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაად დაიწყო გამოჯანმრთელება.
პროხორეს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წეა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარებისეული ჭეშმარიტების წვდომა იზიდავდა.
პროხორემ სიყმაწვილიდანვე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე ატარებდა. მალე სხვა მორწმუნეებთან ერთად პროხორე ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში პეჩორის სიწმიდეების თაყვანსაცემად. სქიმმონაზონმა დოსითეოსმა მას ურჩია, საროვის უდაბნოში დამკვიდრებულიყო. შინ დაბრუნებული ღვთისმოყვარე ჭაბუკი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას და ნათესავებს, 1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა. ამ წლებშივე პროხორემ, სხვა მოღვაწე ბერების მიბაძვით, ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა; სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა, `მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს – ჩვენს უფალს, იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმიდა დედას ვარ მინდობილი~, - უთხრა მან მამა პახუმს და ზიარება მოითხოვა. მაშინ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით. ყოველადწმიდა ქალწული კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს. სხეულში დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე წმიდანი სრულიად გამოჯანსაღდა.

 წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარყლით ანთებულ მის სულს. ერთი წლის შემდეგ სერაფიმე ბერ-დიაკვნად აკურთხეს. საღვთო შურით აღსავსე, იგი ყოველდღე მსახურობდა ტაძარში და ღვთისმსახურების შემდეგაც გამუდმებით ლოცულობდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვთო ხილვების ღირსი: სერაფიმე წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავად მაცხოვრის გამოცხადებამ დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურგიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი; დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი –უდაბურ ტყეში, განმარტოებულ სენაკში ლოცულობდა. 1793 წელს, 39 წლის ასაკიშ, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოებაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სენაკში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. წმიდანი მთელი კვირების განმავლობაში იქ ლოცულობდა ლიტურგიის შემდეგ იგი უკანვე ბრუნდებოდა, წმიდა ზიარებით განმტკიცებული.
ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების წესდების მიხედვით შეადგინა. მას განუშორებლად თან დაჰქონდა წმიდა სახარება. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას მთლიანად კითხულობდა. გარდა ამისა, კითხულობდა წმიდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებს. წმიდა სერაფიმემ მრავალი საგალობელი შეისწავლა ზეპირად და ტყეში მუშაობის დროს გალობით აღავლენდა ლოცვებს. სენაკის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს ჭამდა.
წმინდა სერაფიმესთან ლოცვა-კურთხების მისაღებადმისულთა სიმრავლე არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმიდანმა მისვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი – ყველა დანარჩენს. წმინდა სერაფიმეს ლოცვით მის სენაკთან მისასვლელი გზა ასწლოვანი ვიჭების მსხვილი ტოტებით გადაილართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმიდა მამამდე. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პირი მიჰქონდათ მონასტრიდან.
ღირსი სერაფიმე ყოველ ღამით ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: `უფალო შემიწყალე მე ცოდვილი~. დღუსუთ სებაჯშუ აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მიტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღეღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშავე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ როცა მისი ღარიბული სენაკის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ფერაფერი იპოვეს, სირცხვილეულნი განერიდნენ იქაურობას. წმიდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ წმიდა სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მან შეურაცხმყოფლებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.
როდესაც იღუმენი ასაია გარდაიცვალა, წმიდა მამა მდუმარების ღვაწლი იტვირთა. ის ცდილობდა, ლოცვით ყოველგვარი ამაო ფიქრისაგან განეწმინდა გონება: თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმიდანმა თითქმის სამი წელიწადი, კვირის წირვებზეც კი არ მიდიოდა სავანეში.
1810 წკუს გაზაფხულზე თხუთმეტ წლიანი განდეგილობის შემდეგ წმიდა სერაიმი სავანეში გაბრუნდა. იქ იგი ერთ სენაკში დაეყუდა, საიდანაც არასდროს გამოდიოდა. უფალმა მოშურნე ბერს ხანრგძლივი და გულმოდგინე მოღვაწეობისათვის განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა.
1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმიდანის სენაკის პარები ღია იყო ყველა მსურველთათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებელთა გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებეთაგან. წმიდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევოს დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.
სიცოცხლის უკანასკნელ წელს წმიდა სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, იგი ხშირად საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. იმ ხანებში მას ხშირად ხედავდნენ სენაკის პარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით შეემზარებინა თავისთვის. ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას...
1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის, წმიდანის მორჩილმა პავლემ მისი სენაკიდან მოგამავალი დამწერობის სუნი იგრძნო. წმიდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: `სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს სენაკში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი კი ხანძრით გაცდადდება.~ როცა კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო