Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

13 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

31(ახ.13.01) დეკემბერი

ღირსი დედა საბიანა


ღირსი საბაია (საბიანა), სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი; ღირსი მელანია რომაელი (+439).


ღირსი საბაია (საბიანა), სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი. საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალის სიწმიდით. საქართველოს დედათა მონასტერში მოღვაწე ქალები საუცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც. განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა _ მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბაიას _ `ღირს და წმიდა~ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბაიამ `შეიწყბარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა~. შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო `დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისისა.

წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. `ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს (მათე 12,33). წმიდა საბაიას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.

ღირსი მელანია რომაელი


ღირსი მელანია რომაელი მდიდარი და დიდგვანორავანი რომაელების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე საღვთო სიყვარულით აღვსებული ქალწული თოთხმეტი წლის ასაკში მშობლებმა საკუთარი ნების წინააღმდეგ მიათხოვეს დიდგვაროვან ჭაბუკს, აპინიანეს. მელანიამ აუხსნა თავის გულისხმიერ მეუღლეს ქრისტიანული სარწმუნოების უმაღლესი სათნოებები და თან სთხოვა, ცოლ-ქმრობას ამოფარებულებს ფარულ ქალწულებაში გაეტარებინათ ეს წუთისოფელი. მეუღლემ მელანიას აღუთქვა: როცა ორი შვილი შეგვეძინება, ერთად განვერიდოთ ამსოფელსო. მალე მელანიამ შვა ასული. მელანიას მეორე მშობიარობა ნაადრევი და მძიმე აღმოჩნდა. დაიბადა ბიჭი, რომელიც ნათლისღებისთანავე გარდაიცვალა. ცოლის ტანჯვით გულშეძრული აპინიანე უფალს ევედრა, მელანიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, თან აღთქმა დადო, რომ ცხოვრების დარჩენილ ნაწილს უბიწოებაში გალევდა. მალე აპინიანეს და მელანიას ასულმა სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მეუღლეების სურვილს _ ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ _ მათი მშობლები აღუდგნენ წინ; მაგრამ როცა მელანიას მამა სასიკვდილოდ დასნეულდა, მან შენდობა ითხოვა და აკურთხა მათი არჩევანი. წმიდა მეუღლეებმა დატოვეს ქალაქი რომი და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყეს _ ღვთისმსახურებისათვის გადადეს თავი. ამ დროს აპინიანე ოცდაოთხი წლისა იყო, მელანია კი _ ოცის. ისინი სნეულებს ნახულობდნენ, უხვად განიკითხავნდნე გლახაკებს; მიმოდიოდნენ საპყრობილეებში, გადასახლების ადგილებსა და ანთავისუფლებდნენ იმ უბედურებს, რომლებსაც აქ ვალების გამო ამუშავებდნენ. ნეტარმა მეუღლეებმა იტალიისა და ესპანეთის მამულები გაყიდეს და უხვად შეეწეოდნენ ბერმონაზვნებს, მონასტრებისთვის მიწებს იძენდნენ მესოპოტამიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ფინიკიასა და პალესტინაში. მათი სახსრებით მრავალი ტაძარი და სასვადმყოფო აშენდა. როცა წმიდა ცოლ-ქმარმა სამშობლო დატოვა და აფრიკისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა, ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ატყდა. ნეტარმა მელანიამ დაამშვიდა ისინი და ურჩია, ყოვლის შემოქმედის ნებას მინდობოდნენ. ტალღებმა გემი ერთ კუნძულთან მიაგდო. კუნძულზე გაშენებულ ქალაქს ბარბაროსები შემორტყმოდნენ გარს და მის მკვიდრთაგან გამოსასყიდს ითხოვდნენ, მელანიამ და აპინიანემ საჭირო რაოდენობის თანხა გაიღეს და ქალაქი და მისი მცხოვრებლები დაღუპვისაგან იხსნენს. აფრიკაში ჩასვლის შემდეგ მელანია წმიდა წიგნებს იწერდა და უქონლებს ურიგებდა. ნეტარმა საკუთარი ხელით შეიკერა ჯვალოს სამოსი და მას არასოდეს იხდიდა.

 აფრიკაში წმიდანებმა შვიდი წელი დაჰყვეს, შემდეგ კი, ყოველგვარი სიმდიდრე დაუტევეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ. იერუსალიმში მელანიამ და აპინიანემ დარჩენილი ოქროც გლახაკებს განუყვეს და უპოვარებასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. ეგვიპტეში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მათ ბევრი მეუდაბნოე მამა მოინახულეს, მელანია ელეონის მთაზე მდებარე განმარტოვებულ სენაკში გამოიკეტა და იშვიათად ხვდებოდა აპინიანეს. მელანიას ირგვლივ თანდათანობით ცხრაასამდე ქალწულმა მოიყარა თავი. თავმდაბლობის გამო მელანიამ უარი განაცხადა სავანის იღუმენობაზე და უწინდებურად განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ძალისხმევით სავანეში აშენდა სამლოცველო და საკურთხეველი, სადაც წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას, სტეფანე პირველმოწამისა და ორმოცი სებასტიელი მოწამის ნაწილები დააბრძანეს. ამ ხანებში წმიდა აპინიანემ სული უფალს შეჰვედრა. ნეტარმა მელანიამ ოთხი წელი გაატარა მის საფლავთან მარხვითა და ლოცვით.

ამის შემდეგ წმიდა დედამ გადაწყვიტა, მთაზე, საიდანაც ამაღლდა ქრისტე, მამათა მონასტერი აეგო. უფალმა აკურთხა მისი განზრახვა და გამოაჩინა ქრისტესმოყვარე ადამიანი, რომელმაც უხვი შესაწირი გაიღო სავანის მოსაწყობად. მელანიამ მიიღო თანხა და ერთ წელიწადში განასრულა ეს დიდი საქმე. ამის შემდეგ მელანიამ დატოვა იერუსალიმი და თავისი წარმართი ბიძის მოქცევის იმედით კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში ჩასულ წმიდანს ბიძა დასნეულებული დაუხვდა. მელანიას საუბრების გავლენით ამ უკანასკნელმა წარმართობა დაუტევა და ნათლისღებით განწმენდილი სული შეჰვედრა უფალს. იმ ხანებში დედაქალაქის მრავალ მკვიდრს აშფოთებდა ნესტორის ერეტიკული სწავლება. წმიდა მელანია სიხარულით ღებულობდა ყველა დაბნეულს, რომელიც დახმარებას ითხოვდა მისგან. ნეტარი დედის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. თავის მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მოსაგრემ აღსასრულის მოახლოება იგრძნო და ამის შესახებ ხუცესსა და დებს აუწყა. ყველანი ძალიან დამწუხრდნენ და აცრემლებულებმა მოისმინეს ღვთის რჩეულის უკანასკნელი დარიგება. ბოლოს წმიდა მოსაგრემ ითხოვა, ელოცათ მისთვის, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 439 წელს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო