Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

11 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

29(ახ.11.01) დეკემბერი

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი



ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი; მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I); ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი (+485); ღირსი თადეოზ აღმსარებელი (+818).


წმიდანი ათოთხმეტი ათასნი ჩვილნი მოწამენი მეფე ჰეროდემ ამოხოცა ბეთლემში. როცა უდიდესი მოვლენის _ ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ლაქწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანისცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო `ბეთლემს ჰურიასტანისასა~. შემდეგ მან მოგვებიც მოიხმო თავისთან. მათაც გამოჰკითხა ყოველივე და, შეშინებულმა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მოეკლა ახალშობილი. ჰეროდემ ცბიერებით უთხრა მოგვებს: `მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის, და რაჟამს ჯპოოთ იგი, მითხრათ მე, რაითა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას~.

ვარსკვავთმრიცხველები იერუსალიმში არ დაბრუნდნენ და, ზეციური განცხადებისაებრ, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მაეიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეწყვიტათ ყველა ყრმა, `რომელნი იყვნეს ბეთლემსდა ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი~. უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. როცა წმიდა მოხუცი გარდაიცვალა, ჰეროდემ არ დაუშვა, რომ იგი ღირსეული პატივით დაეკრძალათ.

მეფის ბრძანებით განგმირეს წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც: იგი იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს.

ჰეროდეს უსჯულოება დაუსჯელი არ დარჩენილა: ღვთის ნებით, მას საშინელი სენი შეეყარა და მატლებისგან ცოცხლად დაჭმულს აღმოხდა სული. ეშმაკის ჭურჭლად ქცეულმა მეფემ თავისი ცოდვების ნუსხას სიკვდილამდე სხვა, ახალი და საშინელი ბოროტმოქმედებებიც შესძინა: დახოცა იუდეველი მღვდელმთავრები და მწიგნობრები, ღვიძლი ძმა და სიძე, მეუღლე _ მარიამი სამი ძითურთ და, აგრეთვე, სინედრიონის წევრი სამოცდაათი ბრძენკაცი.

ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მოასტრის წინამძღვარი სირიის ქალაქ აპამეაში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეფესოში კარგი განათლება მიიღო. მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება ნეტარმა გლახაკებს დაურიგა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო ეფესოში მოღვაწე გამოცდილი ბერის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ბიზანტიაში გაემგზავრა, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარ ღირს ალექსანდრესთან. იღუმენმა ბერად აღკვეცა ნეტარი.

მარკელეს თავდადებული მოღვაწეობა სათნოწყო უფალს და სხვადასხვა სულიერი ნიჭებით, მათ შორის, განჭვრეტის მადლით დააჯილდოვა წმიდანი. ღირს მამას წინასწარ განეცხადა ამბა ალექსანდრეს აღსასრულის ჟამი და ისიც ეუწყა, ძმათა წინამძღვრობისათვის თავი უღირსად ჩათვალა და დროებით დატოვა სავანე. იგი სხვადასხვა მონასტრებში მიდიოდა და ბერებისგან სულიერ რჩევა-დარიგებებს იღებდა.

ალექსანდრეს შემდეგ იღუმენად ამბა იოანე აირჩიეს. ეს რომ შეიტყო, მარკელე დაბდუნდა მონასტერს, რითაც მთელი საძმო ძალიან გაახადა. ახალმა წინამძღვარმა წმიდა მამა უახლოეს თანაშემწედა გაიხადა. როცა იოანე გარდაიცვალა, მარკელე, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მის ნაცვლად დაადგინეს. უფლის რჩეული სამოცი წელი განაგებდა სავანეს. შორეული ადგილებიდან მოეშურებოდნენ მასთან სულიერი რჩევების მისაღებად. წმიდანის ირგვლივ მყოფნი ხშირად ცხადად ხედავდნენ ანგელოზებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ და იცავდნენ მას. ღირს მარკელესი უფალი შეეწეოდა სავანის აღმშენებლობასა და კეთილმოწყობაში. მორწმუნეთაგან შემოწირული თანხლებით მან ააგო დიდი ტაძარი, საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანი ლოცვით კურნავდა სნეულებს, ერთხელ მიცვალებულიც აღადგინა მკდრეთით. გადმოგვცემენ, რომ მან მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულა.

ასე მაგალითად, მარკელეს მიერ ანკარაში გაგზავნილი ერთ-ერთი ბერი მოულოდნელად მძიმედ დასნეულდა. სულთმობრძავმა გონებით მოძრვარს მოუხმო შემწედ. ამ უკანასკნელმაც სულით გაიგო ბერის გოდება, ლოცვად დადგა და სნეული განკურნა. ნეტარის ლოცვამ აბობოქრებული ზღვა დააცხრო. ერთხელ უფლის რჩეულს აცნობეს, რომ კონსტანტინოპოლში საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. მან კვლავ ცრემლებით ჰხადა უფალს და ქალაქს მოდებული ცეცხლი იმავ წამს ჩაქრა.

ნეტარი იღუმენი საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა და მონასტრის მარაგიდან უშურველად შეეწეოდა გლახაკებს. ერთხელ, საშინელი შიმშილობის ჟამს, შეშფოთებულმა მოკუჭნავემ მას აცნობა, რომ სულ რამოდენიმე დღისთვის საკმარი ხორბლის მაგარი იყო დარჩენილი. წმიდანმა დაამშვიდა ბერი, რის შემდეგაც, ჩვეულებრივ, ძმებსაც ყოველდღიურად აძლევდნენ კუთვნილ ულუფას და მშივრებსაც აპურებდნენ. ბოლოს, როცა სათავსოები სრულიად დაცარიელდა, მეკუჭნავემ კვლავ მიაკითხა ნეტარ მარკელეს, ისინი ერთად წავიდნენ ბეღლისკენ მოყოლებული შიმშილობის დამთავრებამდე სავანეში პური არ გამოლეულა. წმიდა მარკელე 485 წელს მიიცვალა.

ღირსი თადეოზ აღმსარებელი, თეოდორე სტუდიელის მოწაფე, ლეონ V-ის (813-820) მეფობაში ეწამა ხატთა თაყვანისცემისთვის. ხატმბრძოლთა ზეობის ჟამს იგი სამსჯავროზე წარადგინეს. მწვალებლებმა, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმებინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: `შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა _ შემოგვიერთდი~. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს და ცოცხალ-მკვდარი ქალაქის გალავანს მიღმა დაადგეს. ერთმა ქრისტიანმა წმიდანი შინ მიიყვანა. ნეტარმა თადეოზმა კიდევ სამი დღე იცოცხლა, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო