Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

9 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

27(ახ.9.01) დეკემბერი

 ღირსი სტეფანე ხირსელი (VI)



მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე (+34); წმიდა თეოდორე _ კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+დაახლ. 686); ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე _ გამომეტყველნი (+დაახლ. 840).


ღირსი სტეფანე ხირსელი


მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე. იესუ ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ქრისტიანული თემის ყოფითი მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო, რადგან ვისაც სახლები, ან დაბები გააჩნდა, ყიდდა მათ, სასყიდელს `დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა~, ეს უკანასკნელი კი უნაწილებდნენ `კაცად-კაცადსა, რაიცა ვის უხმდა (საქმე IV, 33-35).

სხვადასხვა ტომის ადამიანებს შორის, თანდათან უთანხმოებანი წარმოიქმნა, ბერძენი ებრაელები ჩიოდნენ, რომ მათ ქვრივებს შესაწევარი მცირე რაოდენობით ეძლეოდათ. ამან მოციქულთა ყორამდეც მიაღწია. მათ არ ისურვეს ქადაგების დატევების ფასად ეტვირთათ ზრუნვა ქრისტიანული თემის სამეურნეო საქმეებზე, ამიტომ მოწაფეთაგან შვიდი კაცი გამოარჩიეს `სახმარსა ამას ზედა~ დასადგენად და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმიდა სტეფანე, `კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა~ _ მთავარდიაკვნად აკურთხეს.

იერუსალიმში `სიტყუაი იგი ღმრთისაი აღორძნდებოდა~ და მოწაფეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით. გაღიზიანებულმა იუდეველებმა ცილი დასწამეს ნეტარს _ ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარდგა სტეფანე სინედრიონისა წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, `ვითარცა პირი ანგელოზისაი~.

სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის _ იესუ ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმიდანმა `ახედნა ცად და იხილა დიდებაი ღმრთისაი და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა~. წმიდანი ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს. მოშორებით, ბორცვზე ღვთისმშობელი იდგა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და ღმერთს ავედრებდა მოწამეს, სტეფანე კი მხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისთვის. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: `უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას~; `და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა~ (საქმე, 6-7). წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა. მხეცთა საჯიჯგნად დაგდებული ნეტარის ცხედარი ცნობილმა სჯულისმოძღვარმა გამალიელმა და მისმა ძემ, აბიბოსმა ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. მოგვიანებით ორივე მათგანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.

415 წელს საღვთო ჩვენების შემდეგ აღმოყვანებულ იქნა სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს.

წმიდა თეოდორე კონსტანტინოპოლის მკვიდრი იყო. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული წმიდა სოფიას ტაძარში მღვდელმსახურებდა და საჭურჭლის მცველის მოვალეობასაც აღასრულებდა. 676 წელს თეოდორე კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ცილისწამებელთაგან დასმენილი, ტახტიდან ჩამოაგდეს. 683 წელს სიმართლემ იზეიმა და ნეტარი თავის ხარისხში აღადგინეს. აქედან მოყოლებული, სიკვდილის დღემდე იგი მშვიდად მართავდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას; გარდაიცვალა დაახლოებით 686 წელს.

ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, გამომეტყველნი, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიარულებას და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. უმცროს ძმასთან, თეოფანესთან (ხს. 11 ოქტომბერს) ერთად წმიდანი ხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად საბა განწმენდილის ლავრაში. შემდგომში ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს. მას შემდეგ, რაც ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ V სომეხმა (813-820) კეთილმსახური მეფე მიხეილ I (811-813) ტახტიდან ჩამოაგდო და ხატმბრძოლთა მწვალებლობის მფარველობა დაიწყო, იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანები კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ბიზანტიის დედაქალაქში ჩასულმა თეოდორემ და თეოფანემ სიტყვიერ პაექრობაში დაამარცხეს უსჯულო ლეონ V. ამით განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ძმები, შემდეგ კი ორივენი გადაასახლა.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო