Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი წიგნი შექმნისა [თავები: 41-45

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ძველი აღთქმა


წიგნი შექმნისა
თავი 41


1. და იყო, ორი წლის შემდეგ ფარაონმა ნახა სიზმარი: თითქოს იდგა მდინარეზე,

2. და აჰა, თითქოს მდინარიდან ამოდიოდა შვიდი ძროხა, კარგი შესახედად და რჩეული ხორცით, და ძოვდნენ ნაპირზე;

3. და სხვა შვიდი ძროხა ამოდიოდა მათ შემდეგ მდინარიდან, საძაგელი შესახედად და მჭლე ხორცით, და ძოვდნენ იმ ძროხებთან ერთად მდინარის პირას.

4. და შეჭამა შვიდმა საძაგელმა და ხორცით მჭლე ძროხამ შვიდი შესახედად კარგი და რჩეული ძროხა. და გამოეღვიძა ფარაონს.

5. და ესიზმრა მეორედ: და აჰა, შვიდი თავთავი ამოდიოდა ერთ ღეროზე, რჩეული და კარგი;

6. და აჰა, შვიდი თავთავი, წვრილი და ქარცემული, იზრდებოდა მათ შემდეგ;

7. და შთანთქა შვიდმა თავთავმა, წვრილმა და ქარცემულმა, შვიდი თავთავი, რჩეული და სავსე. და გამოეღვიძა ფარაონს, და იყო სიზმარი.

8. და იყო განთიადი და შეძრწუნდა მისი სული და გაგზავნა და მოუხმო ეგვიპტის ყველა განმმარტებელს და მის ყველა ბრძენს; და უამბო მათ ფარაონმა სიზმარი და არავინ იყო, ვინც აუხსნიდა მას ფარაონს.

9. და ელაპარაკა მეღვინეთმთავარი ფარაონს და უთხრა: ჩემს ცოდვას ვიხსენებ დღეს:

10. ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს და ჩაგვსხა ჩვენ ციხეში მცველთმთავრის სახლში, მე და მეპურეთმთავარი.

11. და ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მე და მან; თითოეულმა ჩვენ-ჩვენი სიზმარი ვნახეთ.

12. და იყო იქ ჩვენთან ერთად ჭაბუკი, მცველთმთავრის ებრაელი მონა, და ვუამბეთ მას და აგვიხსნა ჩვენ.

13. და იყო, როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე მოხდა: მე ისევ დამადგინეს ჩემს გამგებლობაზე, ხოლო იგი ჩამოახრჩეს.

14. და გაგზავნა ფარაონმა და მოუხმო იოსებს და გამოიყვანეს იგი დილეგიდან და გაკრიჭეს იგი და გამოუცვალეს მას სამოსი და მივიდა ფარაონთან.

15. და უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი ვნახე და მისი ამხსნელი არ არის; ხოლო მე მსმენია, შენ შესახებ რომ ამბობენ: ისმენ შენ სიზმრებს და ხსნი მათ.

16. და მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: ღვთის გარეშე არ მიეგება ხსნა ფარაონს.

17. და ელაპარაკა ფარაონი იოსებს და უთხრა: ჩემს სიზმარში თითქოს ვიდექი მდინარის პირას

18. და თითქოს მდინარიდან ამოდიოდა შვიდი ძროხა, კარგი შესახედად და რჩეული ხორცით, და ძოვდნენ ნაპირზე;

19. და აჰა, სხვა შვიდი ძროხა ამოდიოდა მათ უკან მდინარიდან, ცუდი და საძაგელი შესახედად და მჭლე ხორცით, როგორებიც არ მინახავს მთელ ეგვიპტის ქვეყანაში, ისეთი საძაგელნი;

20. და შეჭამა შვიდმა ძროხამ, მჭლემ და საძაგელმა, პირველი შვიდი ძროხა, კარგი და რჩეული,

21. და შევიდნენ მათ მუცლებში; და უჩინარნი გახდნენ, რადგან შევიდნენ მათ მუცლებში; და მათი შესახედაობა იყო საძაგელი, როგორც თავდაპირველად. გამომეღვიძა და ისევ დამეძინა.

22. და ვნახე ისევ ჩემს სიზმარში, თითქოსდა შვიდი თავთავი ამოდიოდა ერთ ღეროზე, სავსე და კარგი;

23. ხოლო სხვა შვიდი თავთავი, წვრილი და ქარცემული, იზრდებოდა მათ შემდეგ;

24. და შთანთქა შვიდმა თავთავმა, წვრილმა და ქარცემულმა, შვიდი თავთავი, კარგი და სავსე. ვუთხარი განმმარტებლებს და არავინ იყო, ვინც ამიხსნიდა მე.

25. და უთხრა იოსებმა ფარაონს: ფარაონის სიზმარი ასეთია: რასაც ღმერთი აკეთებს, უჩვენა ფარაონს.

26. შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელიწადია და შვიდი კარგი თავთავი შვიდი წელიწადია; ფარაონის სიზმარი ერთია.

27. და შვიდი მჭლე ძროხა, მათ უკან ამომავალი, შვიდი წელიწადია და შვიდი თავთავი, წვრილი და ქარცემული, იქნება შიმშილობის შვიდი წელიწადი.

28. და ეს არის სიტყვა, რომელიც ვუთხარი ფარაონს: რასაც ღმერთი აკეთებს, უჩვენა ფარაონს;

29. აჰა, შვიდ წელიწადს მოდის დიდი სიუხვე მთელ ეგვიპტის ქვეყანაში;

30. ხოლო მოვა შიმშილობის შვიდი წელიწადი მათ შემდეგ და დაავიწყდებათ სიმაძღრე მთელ ეგვიპტის ქვეყანაში და მოსპობს შიმშილი ქვეყანას,

31. და არ ეცოდინებათ სიუხვე ქვეყანაზე შიმშილის გამო, რომელიც იქნება მათ შემდეგ, რადგან მეტად ძლიერი იქნება.

32. ხოლო გამეორდა ფარაონის სიზმარი ორჯერ იმის გამო, რომ ჭეშმარიტი იქნება სიტყვა, რომელიც ღვთისაგან არის, და დააჩქარებს ღმერთი მის აღსრულებას.

33. ამიტომ ახლა მოძებნე კაცი გონიერი და გულისხმიერი და დაადგინე იგი ეგვიპტის ქვეყანაზე;

34. და ასე გააკეთოს ფარაონმა და დაადგინოს ადგილის მთავრები ქვეყანაზე და აიღონ ეგვიპტის ქვეყნის სიუხვის შვიდი წლის მთელი მოსავლის მეხუთედი

35. და დააგროვონ იმ მომავალი შვიდი კარგი წლის მთელი საზრდო და დაგროვდეს ხორბალი ფარაონის ხელქვეშ, საზრდო ქალაქებში შეინახონ.

36. და იქნება საზრდო შენახული ქვეყნისათვის შიმშილობის შვიდ წელიწადს, რომელიც იქნება ეგვიპტის ქვეყანაში, და არ განადგურდება ქვეყანა შიმშილით.

37. მოსაწონი იყო ეს სიტყვები ფარაონისთვის და მისი ყველა მსახურისთვის;

38. და უთხრა ფარაონმა თავის ყველა მსახურს: განა ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც არის ღვთის სული?

39. და უთხრა ფარაონმა იოსებს: რადგან გიჩვენა ღმერთმა შენ ეს ყველაფერი, არ არის კაცი შენზე გონიერი და გულისხმიერი;

40. შენ იქნები ჩემს სახლზე და შენს სიტყვას შეისმენს მთელი ჩემი ერი; მხოლოდ ტახტით აღგემატები მე შენ.

41. და უთხრა ფარაონმა იოსებს: აჰა, გადგენ შენ დღეს ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.

42. და წაიძრო ფარაონმა ბეჭედი თავისი ხელიდან და გაუკეთა იგი ხელზე იოსებს და შემოსა იგი ბისონის სამოსით და გაუკეთა ოქროს ყელსაბამი ყელზე;

43. და აიყვანა იგი თავის მეორე ეტლზე და აცხადებდა მის წინ მაცნე; და დაადგინა იგი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.

44. და უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ვარ ფარაონი; შენ გარეშე ვერავინ გაანძრევს ხელს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.

45. და უწოდა ფარაონმა სახელი იოსებს, ფსინთომფანექი; და მისცა მას ასენეთი, პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასული, ცოლად.

46. ხოლო იოსები იყო ოცდაათი წლისა, როცა წარდგა ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.

47. და მისცა მიწამ სიუხვის შვიდ წელიწადს მოსავალი;

48. და დააგროვა შვიდი წლის მთელი საზრდო, როცა იყო სიუხვე ეგვიპტის ქვეყანაში, და დადო საზრდო ქალაქებში, ქალაქის შემოგარენის მინდვრების საკვები დადო იქ.

49. და დააგროვა იოსებმა ხორბალი, როგორც ზღვის ქვიშა, ძალიან ბევრი, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა აღრიცხვა, რადგან იყო ურიცხვი.

50. ხოლო იოსებს ჰყავდა ორი ძე შიმშილობის შვიდი წლის მოსვლამდე, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასულმა.

51. და უწოდა იოსებმა პირმშოს სახელი მანასე, რადგან თქვა: დამავიწყა მე ღმერთმა ჩემი ყველა ტკივილი და ყველაფერი მამაჩემისა.

52. ხოლო მეორეს უწოდა სახელი ეფრემი, რადგან თქვა: ამაღორძინა მე ღმერთმა ჩემი დამდაბლების ქვეყანაში.

53. და გავიდა სიუხვის შვიდი წელიწადი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში,

54. და დაიწყო შიმშილობის შვიდმა წელიწადმა მოსვლა, როგორც თქვა იოსებმა. და იყო შიმშილი მთელ ქვეყანაზე, ხოლო ეგვიპტის მთელ ქვეყანაში იყო პური.

55. და დაიმშა ეგვიპტის მთელი ქვეყანა და შეჰღაღადა ერმა ფარაონს პურის გამო; და უთხრა ფარაონმა ყველა ეგვიპტელს: წადით იოსებთან და რასაც გეტყვით თქვენ, გააკეთეთ.

56. და შიმშილი იყო მთელი ქვეყნის პირზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და ჰყიდდა ყველა ეგვიპტელზე.

57. და მთელი ქვეყანა მიდიოდა ეგვიპტეში საყიდლად იოსებთან, რადგან გაძლიერდა შიმშილი მთელ ქვეყანაზე.


თავი 42


1. და ნახა იაკობმა, რომ არის გასაყიდი ხორბალი ეგვიპტეში და უთხრა თავის ძეებს: რატომ ხართ უქმად?

2. აჰა, გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში; ჩადით იქ და იყიდეთ ჩვენთვის ცოტაოდენი საზრდო, რათა ვიცოცხლოთ და არ მოვკვდეთ.

3. და ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში;

4. ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუშვა მის ძმებთან ერთად, რადგან თქვა: ვაითუ შეუძლოდ შეიქნას იგი.

5. და მივიდნენ ისრაელის ძეები საყიდლად მიმსვლელებთან ერთად, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში.

6. ხოლო იოსები იყო ქვეყნის მთავარი, იგი ყიდდა ქვეყნის ყველა ხალხზე; და მივიდნენ იოსების ძმები და თაყვანი სცეს მას პირით მიწამდე.

7. და როცა დაინახა იოსებმა თავისი ძმები, იცნო და არ გამოეცნაურა მათ და დაელაპარაკა მათ მკაცრად და უთხრა მათ: საიდან მოხვედით? ხოლო მათ უთხრეს: ქანაანის ქვეყნიდან საზრდოს საყიდლად.

8. და იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.

9. და გაახსენდა იოსებს სიზმრები, რომლებიც ნახა მან, და უთხრა მათ: მსტოვრები ხართ; ქვეყნის გზა-კვალის გასაგებად მოხვედით.

10. ხოლო მათ უთხრეს: არა, ბატონო, შენი მონები მოვედით საზრდოს საყიდლად;

11. ყველანი ვართ ერთი კაცის ძეები; მშვიდობიანები ვართ; არ არიან შენი მონები მსტოვრები.

12. და უთხრა მათ: არა, ქვეყნის გზა-კვალის სანახავად მოხვედით.

13. ხოლო მათ უთხრეს: თორმეტი ძმა ვართ შენი მონები ქანაანის ქვეყანაში, და აჰა, უმცროსი ჩვენს მამასთან არის დღეს, ხოლო ერთი აღარ არის.

14. და უთხრა მათ იოსებმა: ეს არის, რაც გითხარით თქვენ და ვთქვი, რომ მსტოვრები ხართ;

15. ამით გამოჩნდებით: ვფიცავ ფარაონის ჯანმრთელობას, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.

16. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანეთ თქვენი ძმა, ხოლო თქვენ დაკავებული იქნებით, ვიდრე ცხადი გახდება თქვენი სიტყვები, მართალს ამბობთ თუ არა; ხოლო თუ არა, ვფიცავ ფარაონის ჯანმრთელობას, ნამდვილად მსტოვრები ხართ.

17. და ჩასხა ისინი ციხეში სამი დღე.

18. და უთხრა მათ მესამე დღეს: ასე გააკეთეთ და იცოცხლებთ, რადგან მე ღვთისა მეშინია.

19. თუ მშვიდობიანები ხართ, ერთი თქვენი ძმა დარჩეს ციხეში, ხოლო თქვენ წადით და წაიღეთ თქვენი ნაყიდი ხორბალი,

20. და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან და სარწმუნო იქნება თქვენი სიტყვები; ხოლო თუ არა, დაიხოცებით. და გააკეთეს ასე.

21. და უთხრა თითოეულმა თავის ძმას: ჰო, რადგან ცოდვაში ვართ ჩვენი ძმის გამო, რადგან უგულებელვყავით მისი სულის გასაჭირი, როცა გვევედრებოდა ჩვენ და არ შევისმინეთ მისი; ამის გამო მოიწია ჩვენზე ეს გასაჭირი.

22. და მიუგო რუბენმა და უთხრა მათ: არ გითხარით თქვენ და ვთქვი: ნუ მოექცევით უსამართლოდ ყრმას? და არ შეისმინეთ ჩემი; და აჰა, მისი სისხლი შურს იძიებს.

23. ხოლო მათ არ იცოდნენ, რომ ესმის იოსებს, რადგან მთარგმნელი იყო მათ შორის.

24. და მიბრუნდა მათგან და ატირდა იოსები. და ისევ მივიდა მათთან და უთხრა მათ; და გამოიყვანა სიმეონი მათგან და შეკრა იგი მათ წინაშე.

25. და ბრძანა იოსებმა, რომ აევსოთ მათი ჭურჭელი ხორბლით და ჩაედოთ ვერცხლი თითოეულისთვის მის ტომარაში და მიეცათ მათთვის საგზალი. და გაუკეთეს მათ ასე.

26. და აჰკიდეს ხორბალი თავის სახედრებს და წავიდნენ იქიდან.

27. და გახსნა ერთმა თავისი აბგა, რომ მიეცა საკვები თავისი სახედრებისთვის, სადაც შეისვენეს, და დაინახა თავისი ვერცხლის შეკვრა, და იყო აბგის პირზე;

28. და უთხრა თავის ძმებს: დამიბრუნდა მე ვერცხლი, და აჰა, იგი ჩემს აბგაშია. და შეკრთა მათი გული და შეშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს რა გვიყო ჩვენ ღმერთმა?

29. და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და უამბეს მას ყველაფერი, რაც შეემთხვათ მათ და უთხრეს:

30. გველაპარაკა კაცი, ქვეყნის ბატონი, ჩვენ მკაცრად და ჩაგვსხა ჩვენ ციხეში, როგორც ქვეყნის მსტოვრები.

31. და ვუთხარით მას: მშვიდობიანები ვართ, არა ვართ მსტოვრები;

32. თორმეტი ძმა ვართ, ჩვენი მამის ძეები; ერთი აღარ არის, ხოლო უმცროსი ჩვენს მამასთან არის დღეს ქანაანის ქვეყანაში.

33. და გვითხრა ჩვენ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: ამით გავიგებ, რომ მშვიდობიანები ხართ; ერთი ძმა დატოვეთ აქ ჩემთან, ხოლო თქვენი სახლისთვის ნაყიდი ხორბალი წაიღეთ და წადით,

34. და მოიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა ჩემთან და გავიგებ, რომ არა ხართ მსტოვრები, არამედ მშვიდობიანები ხართ, და თქვენს ძმას დაგიბრუნებთ თქვენ, და ქვეყანაში ივაჭრეთ.

35. და იყო, როცა დაცალეს მათ თავისი ტომრები, იყო ვერცხლის შეკვრა თითოეული მათგანის ტომარაში; და დაინახეს თავისი ვერცხლის შეკვრები მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ.

36. და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: მე უშვილოდ დამტოვეთ; იოები აღარ არის, სიმეონი აღარ არის, ბენიამინიც მიგყავთ; ჩემზე მოიწია ეს ყველაფერი.

37. და უთხრა რუბენმა თავის მამას და თქვა: ჩემი ორი ძე მოკალი, თუ არ მოვიყვანო იგი შენთან; მომეცი იგი მე ხელში და მე ამოვიყვან მას შენთან.

38. ხოლო მან უთხრა: არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან ერთად, რადგან მისი ძმა მოკვდა და იგი მარტო დამრჩა; და დაუძლურდება იგი გზაზე, რომელზეც მიდიხართ, და ჩაიყვანთ ჩემს სიბერეს მწუხარებით ჯოჯოხეთში.


თავი 43


1. და შიმშილი გაძლიერდა ქვეყანაზე.

2. და იყო, როცა დაამთავრეს ჭამა ხორბლისა, რომელიც წამოიღეს ეგვიპტიდან, უთხრა მათ მათმა მამამ: ისევ წადით და გვიყიდეთ ჩვენ ცოტაოდენი საზრდო.

3. და უთხრა მას იუდამ და თქვა: მოწმობით დაგვიმოწმა ჩვენ კაცმა და თქვა: ვერ იხილავთ ჩემს პირს, თუ არ იქნება თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად.

4. თუ გამოუშვებ ჩვენს ძმას ჩვენთან ერთად, ჩავალთ და გიყიდით შენ საზრდოს;

5. ხოლო თუ არ გამოუშვებ ჩვენს ძმას ჩვენთან ერთად, არ წავალთ, რადგან კაცმა გვითხრა ჩვენ და თქვა: ვერ იხილავთ ჩემს პირს, თუ არ იქნება თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად.

6. და თქვა ისრაელმა: რად გამიკეთეთ მე ბოროტება და უთხარით იმ კაცს, რომ გყავთ თქვენ ძმა?

7. ხოლო მათ უთხრეს: კითხვით გამოგვკითხა ჩვენ კაცმა ჩვენს ნათესაობაზეც და თქვა: ისევ ცოცხალია მამათქვენი? თუ გყავთ თქვენ ძმა? და ვუთხარით ამ კითხვის შესაბამისად. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა ჩვენ: მოიყვანეთ თქვენი ძმა?

8. და უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გამოუშვი ყრმა ჩემთან ერთად და ავდგებით და წავალთ, რათა ვიცოცხლოთ და არ მოვკვდეთ ჩვენც და შენც და ჩვენი მონაგარიც.

9. და მე ჩავიბარებ მას, ჩემი ხელიდან მოიძიე იგი; თუ არ მოვიყვან მას შენთან და არ დავაყენებ მას შენ წინაშე, ცოდვილი ვიქნები შენ წინაშე დღენიადაგ.

10. რომ არ დავყოვნებულიყავით, უკვე მობრუნებულები ვიქნებოდით ორგზის.

11. და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ეგრეა, ასე გააკეთეთ: წაიღეთ მიწის ნაყოფთაგან თქვენი ჭურჭლებით და ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვენი - მკვრისკევი და თაფლი, საკმეველი და შტახსი და ბელეკონი და კაკალი.

12. და ვერცხლი ორმაგად აიღეთ თქვენს ხელში; ვერცხლი, რომელიც დაგიბრუნდათ თქვენს აბგებში, დაუბრუნეთ თქვენ; იქნებ შეცდომაა;

13. და თქვენი ძმა წაიყვანეთ და ადექით და ჩადით იმ კაცთან.

14. და ჩემმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ მადლი იმ კაცის წინაშე. და გამოუშვებს თქვენს ერთ ძმას და ბენიამინს, რადგან მე, როგორც უშვილო, უშვილოდ დავრჩები.

15. და აიღეს კაცებმა ის ძღვენი და ვერცხლი ორმაგად თავის ხელში და წაიყვანეს ბენიამინი და ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარდგნენ იოსების წინაშე.

16. და დაინახა იოსებმა ისინი და ბენიამინი, თავისი ძმა, დედით ერთი, და უთხრა თავის სახლთუხუცესს: შეიყვანე ეს კაცები სახლში და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად შეჭამენ ეს კაცები პურს შუადღისას.

17. და გააკეთა კაცმა, როგორც უთხრა იოსებმა, და შეიყვანა კაცები იოსების სახლში.

18. და როცა დაინახეს კაცებმა, რომ შეიყვანეს იოსების სახლში, თქვეს: დაბრუნებული ვერცხლისათვის, რომელიც იყო ჩვენს აბგებში თავდაპირველად, შევყავართ ჩვენ, რათა ცილი დაგვწამონ და ბრალი დაგვდონ და წაგვიყვანონ ჩვენ მონებად და ჩვენი სახედრებიც.

19. და მივიდნენ კაცთან, იოსების სახლთუხუცესთან, და ელაპარაკნენ მას სახლის კარიბჭესთან

20. და უთხრეს: გევედრებით, ბატონო, ჩამოვედით თავდაპირველად საზრდოს საყიდლად;

21. და იყო, როცა მივედით დასასვენებლად და გავხსენით ჩვენი აბგები, და აჰა, თითოეულის ვერცხლი იყო მის აბგაში. ჩვენი ვერცხლი წონით დავაბრუნეთ ახლა ჩვენი ხელით;

22. და სხვა ვერცხლი წამოვიღეთ საზრდოს საყიდლად; არ ვიცით, ვინ ჩადო ვერცხლი ჩვენს აბგებში.

23. და უთხრა მათ: წყალობა იყოს თქვენზე, ნუ გეშინიათ; თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა მოგცათ თქვენ განძი თქვენს აბგებში, ხოლო თქვენს ვერცხლს, გამორჩეულს, ვიღებ. და გამოიყვანა მათთან სიმეონი.

24. და მიუტანა წყალი მათ ფეხების დასაბანად და მისცა საკვები მათს სახედრებს.

25. და მოამზადეს ძღვენი იოსების მოსვლამდე შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ იქ აპირებს სადილობას.

26. და შევიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი, რომელიც ხელთ ჰქონდათ მათ, სახლში და თაყვანი სცეს მას პირით მიწამდე.

27. და ჰკითხა მათ: როგორ ხართ? და უთხრა მათ: ჯანმრთელად არის თქვენი მოხუცი მამა, ვის შესახებაც მითხარით? ისევ ცოცხალია?

28. ხოლო მათ უთხრეს: ჯანმრთელად არის შენი მონა, ჩვენი მამა, ისევ ცოცხალია. და თქვა: კურთხეულია ის კაცი ღვთისაგან. და მოდრეკით თაყვანი სცეს მას.

29. და აახილა თვალები და დაინახა ბენიამინი, თავისი ძმა, დედით ერთი, და თქვა: ეს არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც თქვით, რომ მოიყვანდით ჩემთან? და უთხრა: ღმერთმა შეგიწყლოს შენ, შვილო.

30. და აღელდა იოსები, რადგან გულ-მუცელი დაეწვა მას თავისი ძმის გამო და მოუნდა ტირილი; და შევიდა საგანძურში და ატირდა იქ.

31. და დაიბანა პირი და როცა გამოვიდა, თავი შეიკავა და თქვა: დააწყეთ პურები.

32. და დაუწყეს მას ცალკე და მათ ცალკე და ეგვიპტელებს, რომლებიც სადილობდნენ მასთან, ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად პურის ჭამა, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის.

33. და დასხდნენ მის წინ, პირმშო - თავისი უპირატესობის მიხედვით და უმცროსი - თავისი უმცროსობის მიხედვით; განცვიფრებას გამოხატავდნენ კაცები, თითოეული თავის ძმასთან.

34. და იღებდნენ ისინი მისგან წილს; და გაიზარდა ბენიამინის წილი ყველას წილზე ხუთჯერ. და სვეს და დათვრნენ მასთან ერთად.


თავი 44


1. და უბრძანა იოსებმა თავის სახლთუხუცესს და უთხრა: გაავსეთ ამ კაცების აბგები საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შეძლებენ და დადეთ თითოეულის ვერცხლი აბგის პირზე

2. და ჩემი ვერცხლის სასმისი ჩადეთ უმცროსის აბგაში და მისი ხორბლის საფასურიც. და გააკეთეს იოსების სიტყვისამებრ, როგორც თქვა.

3. დილა გათენდა და კაცები გაუშვეს, ისინი და მათი სახედრები.

4. და გავიდნენ ისინი ქალაქიდან და არ იყვნენ შორს წასულები და იოსებმა უთხრა თავის სახლთუხუცესს: ადექი და დაედევნე უკან იმ კაცებს და დაეწიე მათ და უთხარი მათ: რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის სანაცვლოდ? რად მომპარეთ მე ვერცხლის სასმისი?

5. განა ეს არ არის, რომლითაც სვამს ჩემი ბატონი? და იგი მისნობით მისნობს მაგით. ბოროტება აღასრულეთ იმით, რაც ჩაიდინეთ.

6. და როცა იპოვა ისინი, უთხრა მათ ამ სიტყვებისამებრ.

7. ხოლო მათ უთხრეს მას: რად ამბობს ბატონი მაგნაირ სიტყვებს? ნუ იქნება, რომ შენმა მონებმა გააკეთონ ამ სიტყვისამებრ.

8. თუ ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ჩვენს აბგებში, დაგიბრუნეთ შენ ქანაანის ქვეყნიდან, როგორ მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს არ ოქროს?

9. რომელთანაც მოინახება სასმისი შენ მონათაგან, მოკვდეს; ხოლო ჩვენ ვიქნებით ჩვენი ბატონის მონები.

10. და მან თქვა: და ახლა როგორც ამბობთ, ისე იქნება: კაცი, რომელთანაც მოინახება სასმისი, ის იქნება ჩემი მონა, ხოლო თქვენ იქნებით უბრალო.

11. და აჩქარდნენ და გადმოიღო თითოეულმა თავისი აბგა მიწაზე და გახსნა თითოეულმა თავისი აბგა.

12. და ჩხრეკდა, უფროსით დაწყებული, ვიდრე არ მივიდა უმცროსამდე, და იპოვა სასმისი ბენიამინის აბგაში.

13. და შემოიხიეს თავისი სამოსი და აჰკიდა თითოეულმა თავისი აბგა თავის სახედარს და დაბრუნდნენ ქალაქში.

14. და შევიდა იუდა, და მისი ძმები იოსებთან, რომელიც ისევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე.

15. და უთხრა მათ იოსებმა: რა არის ეს საქმე, რაც ჩაიდინეთ? არ იცით, რომ მისნობით მისნობს ჩემნაირი კაცი?

16. და უთხრა იუდამ: რა მივუგოთ ბატონს ან რა ვთქვათ, ან რით გავმართლდეთ? რადგან ღმერთმა ნახა შენი მონების უსამართლობა. აჰა, ვართ ჩვენი ბატონის მონები ჩვენც და ვისთანაც მოინახა სასმისი.

17. და თქვა იოსებმა: ნუ იქნება, რომ მე შევასრულო ეს სიტყვა: კაცი, რომელთანაც მოინახა სასმისი, ის იქნება ჩემი მონა, ხოლო თქვენ ადით მშვიდობით თქვენს მამასთან.

18. და მიუახლოვდა მას იუდა და უთხრა: გევედრები, ბატონო, თქვას შენმა მონამ სიტყვა შენ წინაშე და ნუ განურისხდები შენს მონას, რადგან შენ ხარ ფარაონის შემდეგ.

19. ბატონო, შენ ჰკითხე შენს მონებს და უთხარი: თუ გყავთ მამა ან ძმა?

20. და ვუთხარით ბატონს: გვყავს ჩვენ მოხუცი მამა და სიბერის შვილი, უმცროსი, ჰყავს მას, და მისი ძმა მოკვდა, ხოლო ის მარტო დარჩა თავის დედას და მამამ იგი შეიყვარა.

21. და უთხარი შენს მონებს: ჩამოიყვანეთ იგი ჩემთან და ვიზრუნებ მასზე.

22. და ვუთხარით ბატონს: ვერ შეძლებს ყრმა მამის დატოვებას, ხოლო თუ დატოვებს მამას, მოკვდება.

23. ხოლო შენ უთხარი შენს მონებს: თუ არ ჩამოიყვანთ თქვენს უმცროს ძმას თქვენთან ერთად, ვეღარ იხილავთ ჩემს პირს.

24. და იყო, როცა ავედით შენს მონასთან და ჩვენს მამასთან, ვუთხარით მას ბატონის სიტყვები.

25. და გვითხრა ჩვენ ჩვენმა მამამ: წადით ისევ, იყიდეთ ჩვენთვის ცოტაოდენი საზრდო.

26. ხოლო ჩვენ ვუთხარით: ვერ შევძლებთ ჩასვლას; მაგრამ, თუ ჩვენი უმცროსი ძმა წამოვა ჩვენთან ერთად, ჩავალთ; რადგან ვერ შევძლებთ იმ კაცის პირის ხილვას, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან ერთად.

27. და გვითხრა შენმა მონამ, ჩვენმა მამამ, ჩვენ: თქვენ იცით, რომ ორი მიშვა მე ცოლმა;

28. და გავიდა ერთი ჩემგან და თქვით, რომ მხეცის ლუკმა გახდა, და აღარ მინახავს იგი აქამდე.

29. ამიტომ, თუ წაიყვანთ ამასაც ჩემგან და დაუძლურდება იგი გზაში, ჩაიყვანთ მწუხარებით ჩემს სიბერეს ჯოჯოხეთში.

30. ამიტომ, ახლა თუ წავალ შენს მონასთან და ჩვენს მამასთან და ყრმა არ იქნება ჩვენთან ერთად - მისი სული კი დაკავშირებულია ამის სულთან -

31. და იქნება, როცა ნახავს იგი, რომ არ არის ყრმა ჩვენთან ერთად, აღესრულება; და ჩაიყვანენ ტკვილით შენი მონები შენი მონის და ჩვენი მამის სიბერეს ჯოჯოხეთში.

32. რადგან შენს მონას ჩაბარებული ჰყავს ყრმა მამისგან, და ვუთხარი: თუ არ მოვიყვან მას შენთან და არ დავაყენებ მას შენ წინაშე, ცოდვილი ვიქნები მამის წინაშე დღენიადაგ, -

33. ამიტომ ახლა დავრჩები შენთან მონად ყრმის ნაცვლად, ბატონის მონად, ხოლო ყრმა ავიდეს ძმებთან ერთად,

34. რადგან, როგორ ავალ მამასთან, თუ ყრმა არ იქნება ჩვენთან ერთად? რათა არ ვიხილო ძვირი, რაც ეწევა მამაჩემს.


თავი 45


1. და ვეღარ შეძლო იოსებმა მოთმენა თავისი ყველა თანმხლების წინაშე, ამიტომ თქვა: გაიყვანეთ ყველა ჩემგან. და აღარავინ იდგა იოსების წინაშე, როცა გამოეცნაურა თავის ძმებს.

2. და ამოუშვა ხმა ტირილით; და გაიგო ყველა ეგვიპტელმა, და გაიგეს ფარაონის სახლში.

3. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: მე ვარ იოსები; ისევ ცოცხალია მამაჩემი? და ვერ შეძლებს ძმებმა პასუხი გაეცათ მისთვის, რადგან შეძრწუნდნენ.

4. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: მომიახლოვდით მე. და მიუახლოვდნენ. და თქვა: მე ვარ იოსები, თქვენი ძმა, რომელიც გაყიდეთ ეგვიპტეში.

5. ამიტომ ახლა ნუ დამწუხრდებით, ნურც სასტიკად მოგეჩვენებათ თქვენ, რომ გამყიდეთ მე აქ, რადგან სიცოცხლისთვის გამომგზავნა მე ღმერთმა თქვენ წინაშე;

6. რადგან ეს მეორე წელია, შიმშილობაა ქვეყანაზე, და კიდევ დარჩა ხუთი წელი, როცა არ იქნება ხვნა, არც მკა;

7. რადგან გამომგზავნა მე ღმერთმა თქვენ წინაშე, რომ დარჩეს თქვენი დანატოვარი ქვეყანაზე, და გამოიკვებოს თქვენი დიდი დანატოვარი.

8. ამიტომ არა თქვენ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმა, და გამხადა მე ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად და ეგვიპტის მთელი ქვეყნის მთავრად.

9. ამიტომ იჩქარეთ და ადით მამაჩემთან და უთხარით მას: ამას ამბობს შენი ძე, იოსები: გამხადა მე ღმერთმა ეგვპტის მთელი ქვეყნის ბატონად; ამიტომ ჩამოდი ჩემთან და ნუ დაყოვნდები;

10. და დამკვიდრდები არაბეთის გესემის მიწაზე და იქნები ჩემთან ახლოს შენ და შენი ძეები და შენი ძეთა ძეები და შენი ცხვარი და შენი ძროხა და რაც შენია,

11. და გამოგკვებავ შენ იქ, რადგან კიდევ ხუთი წელიწადი იქნება შიმშილობა, რათა არ მოისპო შენ, და შენი ძეები და მთელი შენი ქონება.

12. აჰა, თქვენი თვალები ხედავენ და ბენიამინის, ჩემი ძმის, თვალებიც, რომ ჩემი პირი გელაპარაკებათ თქვენ.

13. აუწყეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების შესახებ ეგიპტეში და რასაც ხედავთ; და იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი აქ.

14. და მოეხვია ბენიამინს, თავის ძმას, ქედზე და ტიროდა და ბენიამინი ტიროდა მის ქედზე.

15. და ეამბორა თავის ყველა ძმას და ტიროდა მათთან ერთად; და ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მისი ძმები მას.

16. და გავარდა ხმა ფარაონის სახლში და თქვეს: მოვიდნენ იოსების ძმები. და გაუხარდა ფარაონს, და მის ყველა მსახურს.

17. და უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს: ასე გააკეთეთ; აავსეთ თქვენი საზიდრები და წადით ქანაანის ქვეყანაში

18. და წამოიყვანეთ მამათქვენი და წამოიღეთ თქვენი ქონება და მოდით ჩემთან და მოგცემთ თქვენ ეგვიპტის ყველა სიკეთეს და შეჭამთ მიწის ღალას.

19. ხოლო შენ აცნობე ეს, რომ წაიღონ თავისთვის ეტლები ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი ბავშვებისა და ცოლებისათვის, და ამოიყვანეთ მამათქვენი და მოდით;

20. და ნუ დაგრჩებათ თვალი თქვენს ჭურჭელზე, რადგან ეგვიპტის ყველა სიკეთე თქვენთვის იქნება.

21. და გააკეთეს ასე ისრაელის ძეებმა; და მისცა იოსებმა მათ ეტლები ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ნათქვამისაებრ, და მისცა მათ საგზალი,

22. და ყველას მისცა წყვილი სამოსი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ოქრო და ხუთი სხვადასხვა სამოსი

23. და თავის მამას გაუგზავნა ამგვარადვე: და ათი სახედარი, დატვირთული ეგვიპტის ყველა სიკეთით, და ათი ჯორი, დატვირთული პურით, - თავის მამას გზისთვის.

24. და გაუშვა თავისი ძმები და წავიდნენ; და უთხრა მათ: ნუ განრისხდებით გზაში.

25. და ავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან,

26. და აუწყეს მას და უთხრეს: შენი ძე, იოსები, ცოცხალია და იგი მართავს ეგვიპტის მთელ ქვეყანას. და განცვიფრდა იაკობის გონება, რადგან არ ირწმუნა მათი.

27. და უთხრეს მას იოსების ნათქვამი, ყველაფერი, რაც უთხრა მათ. და როცა დაინახა ეტლები, რომლებიც გამოგზავნა იოსებმა მის წასაყვანად, გამოცოცხლა იაკობის, მათი მამის, სული.

28. და თქვა ისრაელმა: დიდი რამ არის ჩემთვის, თუ ისევ ცოცხალია ჩემი ძე, იოსები; წავალ და ვნახავ მას, ვიდრე მოვკვდები მე.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო