Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ჯუმათი ინფო

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ჯუმათის მონასტერი


სახელგანთქმული ჯუმათის ტაძარი ფრიად მნიშვნე-ლოვანია არქეოლოგიური თვალსაზრისითაც.
ტაძარი 1644 ფუტია ზღვის დონიდან და 18 ვერსითაა დაშორებული ოზურგეთიდან.

დიმიტრი ბაქრაძე წერს: ”ჩემს წინ გადაშლილიყო, ასე ვთქვათ, კავკასიის მთელი დასავლეთი ნაწილი: გიგანტური ცენტრალური ქედი ყველა მისი მარად ჭაღარა მწვერვალით იალბუზით დაწყებული და ყაზბეგით დამთავრებული,... ქვემოთ კიდე უფრო ცხადად ვხედავდი ენგურის ხობის, ტეხურის, ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს; აღმოსავლეთით ქართლ-იმერეთის დაბალ ქედს, სამხრეთით აჭარა ახალციხის ქედს. ხოლო მათ ქვემოთ გურიის მთელ ტალღოვან ზედაპირს, შემდეგ ბათუმის უბეს, შორს, ბათუმის იქით ტრაპიზონის სანახებს, ხოლო უფრო შორს, თეთრად შემოსილ პონტოს ანუ ლაზისტანის მთებს; დასავლეთით შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ ნაწილს, მისი კონცხებითა და ყურეებით და ახალი ზღვის პირა ქალაქ ფოთით და მის მეზობლად გადაშლილ პალიასტომს”.

ჯუმათის ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახლზეა აგებული. იგი ჯუმათის სამრევლო ეკლესიაა. ჯუმათის მონასტერი მდიდარი იყო ძვირფასი ხატებით. ვახუშტის ცნობით “ლანჩქუთის სამხრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად და სადაცა დასწყლების მთა ესე, არს ამ მთის მაღალს თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი გუმბათიანი დიდშენი... ზის ეპისკოპოსი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონის შორისის ადგილთა”.
ჯუმათის ტაძარი მაღლობზე დგას და გარს ქვის გალავანი არტყია. გალავნის შესასვლელი დატანებულია ნახეთქი ქვით ნაშენ, ძველ, კვადრატულ სამრეკლოში, რომელსაც აქვს სარკმლიანი გუმბათი, კარი და ქვის კიბე. ეკლესია უგუმბათოა. სამხრეთის მხრიდან მოუმატებიათ ეკვდერი ღმრთისმშობლის სახელზე, დასავლეთით კი- ძველი კარიბჭე. იატაკი თლილი ქვისაა.
ჯუმათის ხატები მეტად ძვირფასია: წმიდა გიორგის ნაჭედი ხატი ოქროს მოჭედილობითა და რელიეფური გამოსახულებით. წარმოდგენილია მთელი ტანით, აცვია ჯაჭვის პერანგი, მარცხენა ხელში ფარი უპყრია, მარჯვენაში ლახვარი; მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატი, ერთიანად ოქროთი მოჭედილი; გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი მიქაელის ხატის მსგავსი; მაცხოვრისა და მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ვერცხლის ხატი; საწინამძღვრო ჯვარი.

წარწერებში გურიის მთავრები იკითხებიან.
არის ვარაუდი, რომ ჯუმათის მონასტერი შემოქმედის მონასტერზე ძველია.

ჯუმათის მონასტერი ბევრჯერ გაძარცვეს მოყვრად მოსულმა მტრებმა, მაგრამ მან გაუძლო როგორც დროსა და ჟამს, ისე უკეთურთა მარჯვენას, კომუნისტურ რეჟიმს და დღეს მამათა მონასტერში ღმრთის სადიდებელი ლოცვა-ვედრება აღევლინება.

ჯუმათი გახლდათ გურიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამავე სახელწოდების საეპისკოპოსოს კათედრალური ცენტრი. იგი ოზურგეთიდან ჩრდილ-დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით. ტაძარი აღმართულია ჩოხატაურის ქედის ერთ-ერთ თხემზე, კერძოდ ჯუმათის მთაზე, რაც შესანიშნავ პანორამას უქმნის მონასტერს. ჯუმათის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს: `ლანჩხუთის სამხრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად და სადაც დასწყდების მთა ესე, არის ამ მთის მაღალს თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათის, დიდი გუმბათიანი, დიდშენი, მჭურეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა, არამედ ზამთარი გაუსაძლისი და ზაფხული საამო, მშვენი, კეთილჰაეროვანი, ზის ეპისკოპოზი მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა~. ჯუმათის მონასტერი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. `იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო. ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები~. იგივეს მოგვითხრობს გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც 1772 წელს იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში. იგი გვამცნობს: `შემოქმედის მონასტრის გარდა მნიშვნელოვანი ადგილები გურიაში არის ჯუმალი (ჯუმათი თ.ქ) და ხინო~. ჯუმათის ეკლესია აქაურ მწყემსმთავართა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა, ხოლო საზამთრო რეზიდენცია მდ. სუფსის პირას მდებარე სოფ. ბოგირი იყო, როგორც ჩანს ზამთარში უგზოობისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი იყო ეპისკოპოსთა ჯუმათში ცხოვრება, ამიტომ ისინი ბარში ინაცვლებდნენ.
ჯუმათის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მოიცავს: ეკლესიას, გალავანს და კარიბჭე სამრეკლოს, რომელიც გალავნის კედლებშია ჩართული.
ჯუმათელ ეპისკოპოსთა რეზიდენცია იყო მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე აგებული უგუმბათო ეკლესია.
ჯუმათის მონასტერი მძლავრ ფეოდალურ ერთეულს წარმოადგენდა. იგი ფლობდა საკმაოდ მდიდარ მამულებს გურიის სამთავროს სხვადასხვა კუთხეში: ჩიბათში, ჩოჩხათში, შუხუთში, აკეთში, ლანჩხუთში, ასკანასა და გურაიმთაში. საკუთრივ მონასტერი მოიცავდა შემდეგ ტერიტორიას. მარჯვნივ საზღვრავდა ლესის წყალი, მდინარე ფიჩორი პალიასტომის ტბამდე, მარცხნივ კი მდინარე რუხმელა და მდინარე სუფსა, ვიდრე შავ ზღვამდე.
ჯუმათის მონასტერი მძლავრ კულტურულ-მწიგნობრულ კერას წარმოადგენდა. აქ გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. აქვე ყოფილა დაცული ოქრომჭედლობის შესანიშვანი ნიმუშები. დ. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ `ჯუმათში ხატები ცოტაა, მაგარამ ფრიად ძვირფასი~. ჯუმათის მონასტერში ინახება მე-XI საუკუნის ვარდან ვარდანისძის მიერი შეწირული წმიდა გიორგის ოქროს ხატი. იგი დიდათ იყო სახელგანთქმული მთელ გურიაში თავისი ძალითა და შემწეობით.
ჯუმათის მონასტრის განძეულობის უმრავლესობა დაკაგულია. ნაწილი უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმებში ინახება, ნაწილი _ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
ჯუმათის ეპარქიაში კათედრალური ცენტრის გარდა 35 ეკლესია-მონასტერი არსებობდა.

ჯუმათის მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვარია იღუმენი მიქაელი (მიგინეიშვილი).

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო